რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი უკრაინელი ათლეტის დისკვალიფიკაციაზე: სპორტი არ უნდა ნიშნავდეს ამნეზიას

სპორტი არ უნდა ნიშნავდეს ამნეზიას და ოლიმპიურმა მოძრაობამ ომების შეჩერებაში უნდა შეიტანოს წვლილი, ნაცვლად იმისა, რომ აგრესორებს ხელი შეუწყოს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომ დისკვალიფიკაცია მისცენ უკრაინელ სკელეტონის მრბოლელ ვლადისლავ ჰერასკევიჩს, საპირისპიროს მეტყველებს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კავშირში ოლიმპიურობის პრინციპებთან, რომლებიც სამართლიანობასა და მშვიდობის მხარდაჭერას ემყარება. 

მადლობას ვუხდი ჩვენს სპორტსმენს მისი მკაფიო პოზიციისთვის. მისი ჩაფხუტი, რომელზეც დაღუპული უკრაინელი ათლეტების პორტრეტებია გამოსახული, პატივისცემისა და ხსოვნის სიმბოლოა. ეს მთელი მსოფლიოსთვის შეხსენებაა იმისა, თუ რა არის რუსული აგრესია და რა ფასი აქვს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ამ მხრივ არანაირი წესი არ დარღვეულა. 

სწორედ რუსეთია, რომელიც მუდმივად არღვევს ოლიმპიურ პრინციპებს და ოლიმპიური თამაშების პერიოდს ომის გასაჩაღებლად იყენებს. 2008 წელს ეს იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ; 2014 წელს - ყირიმის ოკუპაცია; 2022 წელს - უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ახლა კი, 2026 წელს, ზამთრის ოლიმპიადის დროს ცეცხლის შეწყვეტის არაერთგზის მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი სრულად უგულებელყოფს მათ და აძლიერებს სარაკეტო და დრონებით იერიშებს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ჩვენს ხალხზე.

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა 660 უკრაინელი ათლეტი და მწვრთნელი მოკლა. ჩვენი ასობით ჩვენი სპორტსმენი ვეღარასდროს შეძლებს ოლიმპიურ თამაშებში ან სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებას. და მაინც, ახლა იტალიაში 13 რუსი იღებს ოლიმპიადაში მონაწილეობას. ისინი "ნეიტრალური" დროშებით ასპარეზობენ, პარალელურად კი რეალურ ცხოვრებაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ღიად უჭერენ მხარს. სწორედ ისინი იმსახურებენ დისკვალიფიკაციას.

ჩვენ ვამაყობთ ვლადისლავით და იმით, რაც მან გააკეთა. გამბედაობას ნებისმიერ მედალზე მეტი ფასი აქვს. 

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე, მას შემდეგ რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დისკვალიფიკაცია მისცა უკრაინელ სპორტსმენსა და სკელეტონის მრბოლელს, ვლადისლავ ჰერასკევიჩს, რომელმაც 9 თებერვალს ივარჯიშა ჩაფხუტით, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაღუპული უკრაინელი ათლეტების ხსოვნას პატივს მიაგებდა. 

კომენტარები