დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ირანი: სარაკეტო შესაძლებლობები მოლაპარაკებების საგანი არ იქნება

     
  Majid Asgaripour/WANA (West Asia News Agency)  

სამთავრობო მედიების ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, ალი შამხანიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სარაკეტო შესაძლებლობები “მოლაპარაკებების საგანი არ იქნება.” 

აშშ დიდი ხანია ცდილობს, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები სარაკეტო პროგრამაზეც გავრცელდეს. ირანი აცხადებს, რომ მზად არის ბირთვულ პროგრამაზე შეზღუდვების განხილვისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, თუმცა არაერთხელ გამორიცხა ამ საკითხთან ერთად სხვა თემების, მათ შორის სარაკეტო პროგრამის, განხილვა.

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა გასულ კვირას ომანში არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს. ამავდროულად, აშშ-მ რეგიონში საზღვაო ძალები გაააძლიერა.


გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პენტაგონმა მეორე ამერიკული ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს აცნობა, რომ ახლო აღმოსავლეთში გასაგზავნად მოემზადონ იმ ფონზე, როცა თეთრი სახლი ირანზე შესაძლო იერიშებისთვის ემზადება. 

პარალელურად, 11 თებერვალს, პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მასთან ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილა. 

შეხვედრის შემდეგ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ მას ირანთან შეთანხმების დადება ურჩევნია. 

"მე მოვითხოვე, რომ ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. თუ შესაძლებელია, პრემიერმინისტრს ვაცნობე, რომ ამას უპირატესობას მივანიჭებთ. თუ არ არის, უბრალოდ მოგვიწევს ვნახოთ, თუ რა იქნება შედეგი." - დაწერა ტრამპმა. 

"ბოლოს, როცა ირანმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, შეთანხმება არ დაედოთ, მათ შუაღამის ურო დაატყდათ თავს - ეს მათთვის კარგად არ გამოვიდა. იმედია, ამჯერად ისინი უფრო გონივრულები და პასუხისმგებლობიანები იქნებიან." - დაამატა მან. 

 

კომენტარები