იაპონია შეუერთდება NATO-ს ინიციატივას (PURL), რომლის მიზანიც უკრაინისთვის აშშ-ში წარმოებული საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაა. ინფორმაციას იაპონური სახელმწიფო ტელეკომპანია NHK ალიანსის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, იაპონია დაფინანსებას გამოყოფს მხოლოდ არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობისთვის, რაც, სავარაუდოდ, რადარების სისტემებსა და ჯავშანჟილეტებს მოიცავს.
წყაროს თქმით, იაპონიამ უკვე შეატყობინა გეგმის შესახებ ალიანსის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს და უკრაინას.
NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, უკრაინისთვის არალეტალური აღჭურვილობა აუცილებელია და იაპონიის ჩართულობა კი მნიშვნელოვანი პროგრესია.
უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) პროგრამაში მონაწილეობას NATO-ს ოცზე მეტი ქვეყანა გეგმავს, ინიციატივას ასევე უერთდებიან ავსტრალია და ახალი ზელანდიაც. PURL-ის ფარგლებში უკრაინას უკვე მიეწოდა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები და სხვა აღჭურვილობა.





