ოკუპირებული აფხაზეთი

მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პასპორტების გამცემი პუნქტების მუშაობას აჩერებს

   
   

რუსეთის ე.წ. საელჩოს ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პასპორტების და მართვის მოწმობის გამცემმა პუნქტებმა მუშაობა შეწყვიტეს. 

“ვინაიდან აფხაზეთის პოლიტიკური ფიგურები, მათ შორის სახალხო კრების დეპუტატები, ეჭვქვეშ აყენებენ აღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერებას, რუსეთის მხარე, რომელიც პატივს სცემს დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, იძულებული იქნება მიიღოს გადაწყვეტილება მათი მუშაობის შეჩერების შესახებ” - წერს ე.წ. საელჩო განცხადებაში.

ე.წ. საელჩოს მიხედვით, რუსეთის პასპორტების გაცემის პუნქტები ოკუპირებულ აფხაზეთში “მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნის” და “ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების” მიზნით 2026 წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტის და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის შეთანხმებით გაიხსნა.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმს აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо Кавказа-ს ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პასპორტების გაცემის კანონიერებას სადავოდ მიიჩნევდა ე.წ. პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი, მათ შორის კან კვარჩია, რომელიც ადრე რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული, ასევე იურისტი ირაკლი ბჟინავა, რომელიც, ტელეგრამ არხების ინფორმაციით, 5 თებერვალს როსტოვ-ნა-დონუში დააკავეს.

ცნობისთვის, 2022 წელს ევროკავშირმა გადაწყვიტა, არ ეცნო რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში.

 

კომენტარები