საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: ჩვენი მიზანია EU-ს წევრობა, პროცესის პლუს-მინუსებზე მსჯელობა შეიძლება

ზოგადად, რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას, ნებისმიერი სუბიექტისგან, ნებისმიერი თემა შეგვიძლია ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია გავმართოთ დებატები. მთავარია, დაცული იყოს ელემენტარული პრინციპები, მათ შორის ერთ-ერთია კონსტიტუციური წესრიგის აღიარება. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია, აქ საუბარი იმაზე ხომ არ არის, რომ გინდა თუ არა, უნდა გადავხედოთ ჩვენ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები და ამაზე შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა, მაგალითად, რა პლუს-მინუსები აქვს ევროინტეგრაციას. მთავარია, დისკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს იყოს ღია, გახსნილი და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით.

[...] ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გვინდა გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით დისკუსიას, ამისათვის, ბუნებრივია, ვარ მზად, რა პლუს-მინუსები აქვს ნებისმიერ პროცესს, ეს შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა, კონსტიტუციური ამოცანა არის კონსტიტუციური ამოცანა.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის სატელიტი პარტიის ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ "ხალხის ნებაა, გადაფასდეს და გადაიხედოს სრულად მონურ მორჩილებაში, ეკონომიკურ, სულიერ და ზნეობრივ ჭაობში მყოფი ევროკავშირისკენ სწრაფვა".

განცხადების თანახმად, ერთიანი ნეიტრალური საქართველო მზადაა, ოცნებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დაამტკიცოს "დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ".

კომენტარები