უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი და ტექბლოგერი, სერგეი ბრესკრესტნოვი ტელეგრამზე წერს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ Starlink-ის უნებართვო გამოყენების აღკვეთის შემდეგ ფრონტის ხაზზე რუსულ მხარეს "კატასტროფა" შეექმნა, რის გამოც რუსეთის მხრიდან მრავალ მიმართულებაზე საიერიშო მოქმედებები შეჩერდა.
"მტერს ფრონტის ხაზებზე პრობლემა კი არა კატასტროფა შეექმნა. ჯარების ყველა სარდლობა ჩამოიშალა. საიერიშო ოპერაციები ბევრ მიმართულებაზე შეჩერდა." - წერს ბრესკრესტნოვი.
ამას გარდა, მან განმარტა, რომ უკრაინულ მხარეს Starlink-ების ნაწილობრივი გათიშვა არასწორი რეგისტრაციის გამო მოხდა და კომპანია SpaceX-ისთვის მონაცემების მიწოდება კვლავაც მიმდინარეობს.
"ჩვენმა სამხედროებმა გაარკვიეს, რომ პრობლემები იყო მათთვის, ვინც პირადი Starlink-ების სიები არასწორად შეიყვანეს. პროცესირება ახლაც მიმდინარეობს." - დაამატა მან.
ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ Starlink-ის "უნებართვო გამოყენება" აღკვეთეს, მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა მასკს პრობლემის აღმოსაფხვრელად დახმარება სთხოვა.
რუსეთის მხრიდან Starlink-ის უნებართვო გამოყენების აღკვეთის შემდეგ ფედოროვმა მასკსა და SpaceX-ის პრეზიდენტს, გვინ შოტველს სწრაფი პასუხისთვის მადლობა გადაუხადა და მათ "უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი" და "თავისუფლების ჭეშმარიტი დამცველი" უწოდა.
5 თებერვალს ფედოროვმა X-ზე დაწერა, რომ უკრაინაში მუშაობას ის ტერმინალები განაგრძობენ, რომლებზეც Spacex-მა ავტორიზაცია გასცა. ამასთან, Spacex-მა მოწყობილობების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ინსტრუქციებიც, რომელიც შემდგომ ილონ მასკმა X-ზე გადააზიარა და უკრაინაში Starlink-ის მომხმარებლებს მათი შესრულებისკენ მოუწოდა.





