ივანიშვილის პარლამენტის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის, ან ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის, მიერ მოსწავლეზე ძალადობის ფაქტზე 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლების შეზღუდვას კანონიდან ამოიღებენ.
როგორც განათლების კომისიაზე მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა, 3-წლიან შეზღუდვას კანონიდან ამოიღებენ და საკითხზე პასუხისმგებელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იქნება.
მოსწავლის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე რეგირება კანონის ნაცვლად, კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება.
"მასწავლებლის და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში მსჯელობა გაიმართა. ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ დელეგირება სამინისტროზე გაკეთდება და კონკრეტული ქმედებები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დეტალებში გაიწერება. ეს გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. ამავე დროს მონიტორინგის ნაწილიც უფრო ადვილი იქნება. დავაკვირდებით პრაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისს ცვლილებებს უფრო ინტენსიურად განვახორციელებთ. თემა ძალიან სენსიტიურია. აქ საუბარი სისხლის სამართლის საკითხებზე არ არის. სწორი იქნება, თუ საკითხი სამინისტროზე იქნება დელეგირებული". - თქვა გაბისონიამ.
ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს კობახიძის განათლების რეფორმას, რომლითაც ოცნების პარლამენტი სასწავლო გრანტებისა და საუნივერსიტეტო ავტონომიის გაუქმებას დააკანონებს.
კობახიძის თქმით, ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ "ამბიციური მიზანი", რომ საქართველოშიც იგივენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.





