რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუტე დარწმუნებულია, რომ ევროპაში უკრაინის შეიარაღებისთვის $15 მილიარდს გამონახავენ

მარკ რუტე
NATO

კიევში გამართული ვიზიტის დროს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ სჯერა, უკრაინის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL) ფარგლებში ევროპელი მოკავშირეები უკრაინის შეიარაღებისთვის სულ მცირე 15 მილიარდ დოლარს გამონახავენ. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რუტეს ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა დარწმუნებული ამ პროგრამის სტაბილური დაფინანსების პერსპექტივაში. 

"დიახ, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ფული იქნება, რადგან ყველამ ვიცით, რომ ის მნიშვნელოვანია. ახლა გვყავს მოკავშირეთა 2/3 რომლებიც მონაწილეობენ PURL-ის პროგრამაში და თქვენ მართალი ბრძანდებით. არსებობს ტვირთის გაზიარების პრობლემა. ამჟამად ზოგიერთი მოკავშირე ბევრს აკეთებს, ბევრი მოკავშირე აკეთებს რაღაცას, ცოტა აკეთებს არაფერს. თუმცა უმეტესობა ჩართულია PURL-ში. თუმცა ჩვენ NATO-ში ტვირთის უკეთესი განაწილება გვჭირდება. სწორედ ამაზე ვმუშაობთ." - თქვა რუტემ.

რუტემ ხაზი გაუსვა დანიის, შვედეთის, ნორვეგიისა და ბალტიის ქვეყნების განსაკუთრებულ ძალისხმევას.

PURL არის აშშ-სა და NATO-ს ინიციატივა, რომელიც უკრაინისთვის ევროპული ქვეყნების მიერ ამერიკული წარმოების შეიარაღების, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების, შესყიდვას ითვალისწინებს.

რუტემ 3 თებერვლის ვიზიტის დროს ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების რაკეტების 90% სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მიიღო.

 

კომენტარები