გამოცემა Jerusalem Post-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაემგზავრება, სადაც რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრება. აღნიშნულ ინფორმაციას ებრაული გამოცემა თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე Reuters-მა დაწერა, რომ წყაროების მიხედვით, უიტკოფი 3 თებერვალს ისრაელში ჩავა და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ამასთან, Axios-ს საკითხზე ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ იგეგმება უიტკოფის შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც, რის გამართვასაც 6 თებერვლისთვის მოელიან.
ცნობისთვის, აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 24 იანვარს დასრულდა. ხოლო მოლაპარაკებები 23 იანვარს დაიწყო მას შემდეგ, რაც წინა დღით პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, ამერიკელი წარმომადგენლები კი მოსკოვში ჩავიდნენ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.
გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, სამმხრივ მოლაპარაკებებზე ორი ძირითადი საკითხის განხილვა იყო მოსალოდნელი: ნაწილობრივ ოკუპირებული დონბასის რეგიონის მომავალი და ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშების პოტენციური შეჩერება. გამოცემის ცნობით, ამ საკითხების წამოწევას უკრაინული და ამერიკული დელეგაციები გეგმავდნენ.
აბუ-დაბიში გამართული შეხვედრის პირველი რაუნდის შემდეგ უმეროვმა განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების მთავარი თემა "ღირსეული და მდგრადი მშვიდობის" მიღწევა იყო.





