ირანში საპროტესტო აქციების დარბევის ფონზე, ირანელი სპორტსმენების ნაწილმა ეროვნული ნაკრებები დატოვა. ამის შესახებ ირანელმა კალათბურთელმა, ბეჰნამ იახჩალიმ და ირანელმა ფეხბურთელებმა, ზაჰრა ალიზადემ და კოუსარ კამალიმ განცხადებები გაავრცელეს.
ალიზადე პირველი სპორტსმენი იყო, რომელმაც ეროვნული ნაკრების დატოვების შესახებ განაცხადა და დაწერა, რომ ირანში შექმნილი ვითარების გამო "ვეღარ თამაშობს, როგორც უწინ თამაშობდა".
"ჩემთვის ეროვნული ნაკრები ყოველთვის სიამაყისა და გამძლეობის სიმბოლო იყო, თუმცა დღეს ჩემს მთავარ პრიორიტეტს ჩემი ქვეყნის ხალხი წარმოადგენს და ჩემი გული მათთვის ფეთქავს. ეროვნულ ნაკრებში ყოფნამ, ხანმოკლეობის მიუხედავად, უნიკალური მომენტები დამიტოვა, რომლებიც არასდროს დამავიწყდება. ყოველ გოლთან და გამარჯვებასთან ერთად ჩემი გული ირანისთვის ფეთქავს. თუმცა, დღეს ხალხთან ყოფნა და მათ გვერდით დგომა ჩემთვის ნებისმიერ სხვა რამეზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩემი გუნდი და ჩემი ქვეყანა კვლავ მიყვარს და პატივს ვცემ, თუმცა სანამ ჩემი თანამემამულეების ტკივილი და ტანჯვა გრძელდება, გადავწყვიტე, რომ ეროვნულ მოედანს ჩამოვცილდე". - დაწერა ალიზადემ.
ცოტა ხნის შემდგეგ, მსგავსი განცხადება გაავრცელა კამალიმაც, რომლის თქმითაც, "არ ემშვიდობება ფეხბურთს, არამედ ეროვნულ ნაკრებს".
"ვერ მოვაჩვენებ თავს, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა. ამ გადაწყვეტილებას ამოძრავებს არა ბრაზი, არამედ ცნობიერება. მას არ ამოძრავებს უპატივცემულობა, არამედ ჩემი სინდისის მიმართ პატივისცემა. დღეს ვემშვიდობები არა ფეხბურთს, არამედ ეროვნულ ნაკრებს. იმედი მაქვს, დადგება დღე, როდესაც ხალხისთვის კვლავ შემეძლება თამაში მშვიდი გულით". - დაწერა კამალიმ.
გარდა ამისა, იახჩალიმ დაწერა, რომ ირანელი ხალხის "მწუხარებაზე თვალს ვერ დახუჭავს" და "სანამ მათი გულები მშვიდად არ იქნება", ნაკრებში თამაშს წყვეტს.
"ეროვნული ნაკრების ჯერსის მაისურის ტარება ჩემთვის ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება უდიდეს პატივად, თუმცა დღესდღეობით ხალხი თავს კარგად არ გრძნობს და ამ მწუხარებაზე თვალს ვერ დავხუჭავ. ამ მიზეზით, სანამ ხალხის ხასიათი არ გამოსწორდება და მათი გულები მშვიდად არ იქნება, გადავწყვიტე, რომ მათ გვერდით დავუდგე და ეროვნულ ნაკრებში არ ვიყო წარმოდგენილი. ამ გადაწყვეტილებას ინტერესის ნაკლებობა ან დისტანცირების სურვილი არ ამოძრავებს, არამედ თანაგრძნობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული არჩევანია. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც ირანისთვის ყველა ერთად მშვიდი გულებით კიდევ ერთხელ დავდგებით". - დაწერა იახჩალიმ.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა.
საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5 137-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 27 797-ია. თუმცა, აქტივისტების ცნობით, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა, 40 000-საც აღემატებოდეს. ამავდროულად, უკვე ორ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტიც.
აქციების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა, თუკი რეჟიმი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავდა და აქციებზე დაკავებულ ხალხს სიკვდილით დასჯიდა.
მას შემდეგ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ხამენეის რეჟიმმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა, თუმცა, ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების "არმადა" მიემართება და დაამატა, რომ ამერიკა ირანს "ყურადღებით აკვირდება".
"ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით." - თქვა ტრამპმა.
გავრცელებული ცნობებით, ირანს ინდოეთის ოკეანიდან უკვე მიუახლოვდა USS Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი, რომელიც ავიამზიდთან ერთად სამ საესკადრო ნაღმოსანსაც მოიცავს.
ამას გარდა, აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების საფრთხის გამო რამდენიმემ მსხვილმა ავიაკომპანიამ, მათ შორის, KLM-მა, Lufthansa-მ და Air France-მა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი ძალები "იმაზე უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა".
ირანის უზენაეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული გამოცემის, Nournews-ის მიხედვით, გენერალმა მოჰამად პაკპურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ "ნებისმიერი არასწორი გაანგარიშება თავიდან აირიდონ".





