ირანმა ევროკავშირის გადაწყვეტილების პასუხად EU-ს წევრი ქვეყნების არმიები "ტერორისტულ ორგანიზაციებად" გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე შეთანხმდა.
ამის შესახებ ირანის რეჟიმის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფმა განაცხადა.
"რევოლუციური გვარდიისთვის დარტყმის მცდელობით [...] ევროპელებმა რეალურად საკუთარ ფეხს ესროლეს და ამერიკელების ბრმად მორჩილებით კიდევ ერთხელ მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. [...] რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების წინააღმდეგ კონტრზომების შესახებ კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, ევროპული ქვეყნების არმიები ტერორისტულ ჯგუფებად გამოცხადდნენ". - თქვა ყალიბაფმა.
ყალიბაფის თქმით, ირანის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეების ქვეყნიდან გაძევებას განიხილავს და საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
სპიკერის გამოსვლის შემდეგ ირანელმა დეპუტატებმა იყვირეს: "სიკვდილი ამერიკას, სირცხვილი ევროპას".
ცნობისთვის, 29 იანვარს ევროკავშირი შეთანხმდა, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსი (IRGC) რომელიც ხამენეის რეჟიმის საყრდენს წარმოადგენს, ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს.
განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ, რომლის მიზანიც იმ პირებსა და ორგანიზაციებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებაა, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ დარბევებსა და ქვეყნის მიერ რუსეთის მხარდაჭერაში მონაწილეობდნენ.
IRGC ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-ს, კანადასა და ავსტრალიას უკვე ჰყავთ გამოცხადებული. გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ გერმანიამ და ნიდერლანდებმა უბიძგა.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა.
საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5 137-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 27 797-ია. თუმცა, აქტივისტების ცნობით, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა, 40 000-საც აღემატებოდეს. ამავდროულად, უკვე ორ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტიც.
აქციების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა, თუკი რეჟიმი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავდა და აქციებზე დაკავებულ ხალხს სიკვდილით დასჯიდა.
მას შემდეგ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ხამენეის რეჟიმმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა, თუმცა, ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების "არმადა" მიემართება და დაამატა, რომ ამერიკა ირანს "ყურადღებით აკვირდება".
"ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით." - თქვა ტრამპმა.
გავრცელებული ცნობებით, ირანს ინდოეთის ოკეანიდან უკვე მიუახლოვდა USS Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი, რომელიც ავიამზიდთან ერთად სამ საესკადრო ნაღმოსანსაც მოიცავს.
ამას გარდა, აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების საფრთხის გამო რამდენიმემ მსხვილმა ავიაკომპანიამ, მათ შორის, KLM-მა, Lufthansa-მ და Air France-მა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი ძალები "იმაზე უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა".
ირანის უზენაეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული გამოცემის, Nournews-ის მიხედვით, გენერალმა მოჰამად პაკპურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ "ნებისმიერი არასწორი გაანგარიშება თავიდან აირიდონ".





