ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო, ევროკავშირის საბჭომ შვიდი ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ დადგენილებაშია აღნიშნული, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთისთვის ტექნოლოგიების გადაცემაზე. ასევე, ის ადამიანები, რომლებიც იარაღს აწვდიდნენ იმ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და წითელი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ძირს უთხრიან.
სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საიდ ჰამზა გალანდარი და სხვა ოფიციალური პირები. ასევე, სამი ირანული ავიაკომპანია და ორი კომპანია, რომლებიც რაკეტების გაშვებისთვის საჭირო საწვავს აწარმოებენ.
სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის შეზღუდვას. ასევე, სანქციები ზღუდავს მათთვის თანხების ან ეკონომიკური რესურსების პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემას აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის.





