სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის ადვოკატის ლევან სეფიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეფარდებულ საპატიმრო გირაოს, სავარაუდოდ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით გადაიხდის.
"ბრალდების მხარემ გაითვალისწინა ის ასე ვთქვთ, წინაპირობები რაც არსებობდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე - ნაკლებად მძიემ კატეგორიის დანაშაული, აღიარება მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას და შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 500 000 ლარის ოდენობით. როგორც ჩემთვის ცნობიალია, სავარაუდოდ, ეს იქნება უძრავი ქონების უზრუნევლყოფით". - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 28 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ილია ღუდუშაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
გირაოს გადასახდელად მას 30 დღე აქვს. თანხის სრულად გადახდამდე ბრალდებული პატიმრობაში დარჩება.
პროკურატურამ ასევე მოითხოვა საზღვრის კვეთის აკრძალვა და ღუდუშაურისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ილია ღუდუშაურს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარუდგინეს. მუხლი 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.
უწყების ცნობით, ღუდუშაურმა, რომელიც მინისტრის მოადგილესთან ერთად სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო, სასწრაფოს მანქანების შესყიდვაზე ტენდერი უკანონოდ გააუქმა, ახალი ტენდერის პირობები კი კონკრეტულ კომპანიას მოარგო.





