ფასების შემსწავლელი კომისია

კობახიძე ფასებთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის" სხდომაზე 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

კობახიძის თქმით, მთავრობა პასუხისმგებელია მოსახლეობის სოციალური ინტერესების დაცვაზე და "თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად".

"რაც შეეხება კონკრეტულად სააფთიაქო ქსელებს, აფთიაქებს, ერთი პროცესი უკვე გავიარეთ 2022 წელს, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესდა და ამან ბევრი მიმართულებით შედეგები მოგვცა კონკრეტულ მედიკამენტებზე, მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფებზე ფასები რეალურად შემცირდა. გვინდა, ამაზეც ვიმსჯელოთ, რამდენად არის სივრცე ამ ჩამონათვალის გაფართოებისთვის.

ასევე, სააფთიაქო ქსელებში ხდება სხვა პროდუქტების რეალიზაციაც, სადაც ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა. თუ ავიღებთ ევროპულ ფასებს, ხშირ შემთხვევაში არის 35-40 პროცენტი სხვაობა ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ა.შ. ესეც საინტერესოა, რამდენად ეფუძნება ეს მაღალი ფასები მიწოდების ლოგიკურ ჯაჭვს.

საქმე ეხება ბიზნესს, ბიზნესი არის თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს.

როგორც ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა ყველა მიმართულებით, მათ შორის აფთიაქების მიმართულებით". - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". ასევე, კობახიძის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება ივანიშვილის პარლამენტშიც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.

21 იანვარს კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ მარკეტების რაოდენობა ფასებზე აისახება და "ტვირთად აწვება მოსახლეობასაც".

22 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ.

ამის შემდეგ კობახიძე 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.​​​​​​​

კობახიძის თქმით, აქვთ პირველად ინფორმაცია, რომ "არსებული თამაშის წესები" ბაზარზე ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაციაში.

კომენტარები