ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

დანაშაული აღიარა - პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. უწყების განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ღუდუშაურმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

ილია ღუდუშაურს ბრალდება დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარუდგინეს. მუხლი 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

უწყების ცნობით, ღუდუშაურმა, რომელიც მინისტრის მოადგილესთან ერთად სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო, სასწრაფოს მანქანების შესყიდვაზე ტენდერი უკანონოდ გააუქმა, ახალი ტენდერის პირობები კი კონკრეტულ კომპანიას მოარგო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი  შესთავაზა.

აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები". - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.


ცნობისთვის, 2025 წლის 27 ივლისს ილია ღუდუშაურის ძმა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე და ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, მათ ბრალად თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვა ედებათ. 

პროკურატურის ცნობით, 2023 წელსბურჭულაძის მოადგილე გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, ბურჭულაძის ცოლის ძმის დახმარებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული ტომოგრაფის აპარატი თავდაცვის სამინისტრომ 3 940 000 ლარად იყიდა.
 
1-ელ აგვისტოს ბურჭულაძემ დაკავებებზე თქვა, რომ არ ჰგონია "საქმე პოლიტიკური იყოს" და მას ან ირაკლი ღარიბაშვილს ეხებოდეს.

სასამართლომ ვლადიმერ ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

კომენტარები