კრიმინალი

დააკავეს 6 პირი, რომელიც მარკეტებს ქურდავდა, ნაქურდალს ყიდდა – შსს [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის, 1 ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ, ფარულად დაუფლებულ ნივთებს წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ. 

"დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით, დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანია. 

სამართალდამცველების სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი დანაშაულებრივ ჯგუფში არასრულწლოვანების, მათ შორის, პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. კერძოდ იგი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვანებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტებს ქურდავდნენ.

არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, წინასწარი შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა.

ამასთან, დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებისა და კუთვნილი მაღაზიების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და  186-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, შსს-ში გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

კომენტარები