გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, 2026 წლის დასაწყისში აზიაში რუსული საწვავი ნავთობის ექსპორტი შენელდა, რაც, ერთი მხრივ, დასავლეთის სანქციების შედეგად ვაჭრობის შეფერხებამ და, მეორე მხრივ, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე უკრაინის იერიშებმა გამოიწვია.
Reuters-ის მონაცემებით, იანვარში რუსეთმა აზიაში ექსპორტზე დაახლოებით 1.2 მილიონი მეტრული ტონა (დღეში დაახლოებით 246 000 ბარელი) საწვავი ნავთობი გაიტანა, რაც ზედიზედ სამი თვის განმავლობაში კლებად მაჩვენებელს ასახავს.
გამოცემის მიხედვით, ეს ვარდნა იმ ფონზე შეინიშნება, როცა რეექსპორტამდე ტვირთის ნაწილის საწყობებში გადამისამართება ხდება და, შედარებისთვის, 2025 წლის იანვარში ექსპორტის ეს მაჩვენებელი 2.5 მილიონო მეტრული ტონა იყო.
Reuters წერს, რომ რუსული გადამუშავებული ნავთობპროდუქტების წარმოების ვარდნა ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონებით იერიშების შემდეგ რამდენიმე ობიექტმა, შეკეთების მიზნით, წარმოება შეაჩერა.
"მყიდველები არ არიან რისკზე წასვლისთვის მზად, სანქციების მტკიცე მონიტორინგისა და ჯარიმებიდან გამომდინარე." - განუცხადა Reuters-ს ლონდონის საფონდო ბირჟის ერთ-ერთმა გავლენიანმა ანალიტიკოსმა, ემრილ ჯამილმა.
ამასთან, საწვავი ნავთობით მოვაჭრე წყარომ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახლა სანქცირებული ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებიდან ტვირთის გადაზიდვა უფრო გართულდა, რადგან პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, მათ შორის, ტვირთის გემიდან გემზე გადაზიდვასაც.
ხოლო ზოგიერთი წყარო ასევე ამბობს, რომ ტვირთის ნაწილი, მყიდველების მოლოდინში, ეგვიპტის პორტ საიდშია გაჩერებული.
ამასთანავე, Reuters-ის ცნობით, ნოემბერ-დეკემბერში დატვირთული დაახლოებით 360 000 ტონა ნავთობის გადაზიდვა შორი მარშრუტებით, აფრიკის გარშემო ხდება და აქედან 300 000 ტონას საბოლოო დანიშნულების ადგილი არ გააჩნია.
წყაროები ასევე ამბობენ, რომ ინდონეზიის Karimun-ის ნავთობტერმინალმა დეკემბერსა და იანვარში რუსეთიდან იმპორტი გააგრძელა და თითქმის ექვსთვიანი პაუზის შემდეგ 300 000-ზე მეტი რუსული საწვავი ნავთობი მიიღო. Reuters წერს, რომ აღნიშნული ტერმინალი ბოლო წლებში რუსული ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მნიშვნელოვან ჰაბად იქცა.





