ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ ჩანიშნულ მოსმენას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ასეთი დისკუსია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას ხელს ვერ შეუწყობს.
"თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორია ჯო უილსონისა და ლორა თორნტონის რეპუტაცია. როცა ჰელსინკის კომისია ამ ორ ადამიანს უსმენს, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. მათ შორის, გახსოვთ ქალბატონი ლორა თორნტონის განცხადებები პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით, ის უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას აშშ-ის პრეზიდენტს და ახლა ჰელსინკის კომისია ასეთ ადამიანს უსმენს [...]
მათი მონაწილეობით ასეთი სხდომის ჩანიშვნა დადებით მიზნებს რომ არ ემსახურება, ეს თავისთავად ფაქტია. ხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი დაბარებულია ჰელსინკის კომისიაში. რა თქმა უნდა, ასეთი დისკუსია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას ხელს ვერ შეუწყობს. მე მგონია, მიზანი სწორედ ამისთვის ხელის შეშლაა". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
28 იანვარს აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. კომისიამ მოსმენაზე სასაუბროდ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონიც მიიწვია.





