რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Axios: აშშ, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს 1-ელ თებერვალს გამართავენ

Reuters

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს 1-ელ თებერვალს, აბუ-დაბიში გამართავენ. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ 24 იანვარს ქვეყნების დელეგაციებს შორის გამართული სამმხრივი შეხვედრა "პროდუქტიული" იყო და მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში მოლაპარაკებები 23 იანვარს დაიწყო მას შემდეგ, რაც წინა დღით პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, ხოლო ამერიკელი წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მიზნით. 

გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, სამმხრივ მოლაპარაკებებზე ორი ძირითადი საკითხის განხილვა იყო მოსალოდნელი: ნაწილობრივ ოკუპირებული დონბასის რეგიონის მომავალი და ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშების პოტენციური შეჩერება. გამოცემის ცნობით, ამ საკითხების წამოწევას უკრაინული და ამერიკული დელეგაციები გეგმავდნენ.  

მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ "დონბასის საკითხი უმთავრესია." 

შეხვედრის პარალელურად რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით მორიგი მასობრივი იერიში მიიტანა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. ზელენსკის თქმით, რუსულმა არმიამ უკრაინის მიმართულებით 370 დრონი და 21 რაკეტა გაუშვა. 

სამმხრივ მოლაპარაკებებზე აშშ-ს დელეგაციას სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერკი, ჯოშ გრინბაუმი, აშშ-ს არმიის მინისტრი, დენ დრისკოლი და აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაური, ალექსუს გრინკევიჩი შეადგენდნენ. 

ხოლო უკრაინული მხარე მოიცავდა ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, რუსტემ უმეროვს, გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ანდრიი ჰნატოვსა და ზელენსკის მრჩევლებს, სერგიი კისლიცასა და დავით არახამიას. 

თავის მხრივ, რუსეთს დელეგაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები