გიგა ავალიანის საქმე

ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა სხვებს - პროკურორი

პროკურორი, ქეთევან სონიძე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დ.ჩ-ს, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში იმყოფებოდა გიგა ავალიანთან და ამით დანაშაულის ჩადენაში სხვა არასრულწლოვნებს ეხმარებოდა, რომლებმაც რამდენიმე დღის შემდეგ ნამდვილად განახორციელეს თავდასხმა დაზარალებულზე და შესაბამისად, მას მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს." 

პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებს არასრულწლოვნის ბრალეულობას. 

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა მტკიცებულებების დასაშვებობების საკითხი, წინასასამართლო სხდომა ჰქვია ამ ეტაპს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა გაიარა დასაშვებობის კონტროლი." - თქვა პროკურორმა. 

ცნობისთვის, დაკავებულ არასრულწლოვანს თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ, შემდეგ კი ბრალი გადაუკვალიფიცირეს და დანაშაულის მომზადებას ედავებიან.

ბრალდებული და მისი დედა შეცვლილ ბრალს არ აღიარებენ და შიმშილობენ. დღეს, არასრულწლოვანის დედამ, სოფო ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ მოითხოვს საპარლამენტო გამოძიების შექმნას. 


ახალგაზრდა მასწავლებელს ეჭვიანობის ნიადაგზე თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.

"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა" - წერდა პროკურატურა.

გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.

ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.  17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.

კომენტარები