მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის დედა საპარლამენტო გამოძიების შექმნას მოითხოვს.
არასრულწლოვანის დედა, სოფო ჩიქოვანი თვლის, რომ ავალიანის ოჯახი სახელმწიფოსთან გარიგდა. ამბობს, რომ პროკურატურა ეკა კუპატაძეს დაპირდა ყველას დაჭერას, თუ ის აღარ იშიმშილებდა და აქციებს აღარ მოაწყობდა.
"მე საქმის მასალების გადაცემაზე ხმამაღლა ვსაუბრობ იმიტომ, რომ ზუსტად იმ საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ჩემი შვილი არის უდანაშაულო… ის ოჯახი პირდაპირ გარიგდა სახელმწიფოსთან. ჩვენ, ასე ვთქვათ, დაგვიმუწეს პირი. მათ ყველაფრის თქმის უფლება აქვთ... თქვენ გარიგდით ვარლამ გვარაკიძესთან. გარიგებაში შედიოდა, რომ ეკა კუპატაძე არ იშიმშილებდა, აქციებს არ მოაწყობდა და დაპირდით, რომ დაიჭერს ყველას. ყველა ბავშვს დაიჭერს, ვის სახელს და გვარსაც თქვენ გააჟღერებთ… პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს მივმართავ, სასწრაფოდ შექმენით საპარლამენტო გამოძიება… ქეთევან სონიძემ წაიკითხა, დაახლოებით, 4 000 ფურცელი ერთ დღეში და მეორე დღეს დაწერა ბრალი. სინამდვილეში ეს ბრალი, ვარლამ გვარაკიძევ, თქვენი დაწერილია. თქვენ დაწერეთ ეს ბრალი და თქვენ გადაყვებით ამას აუცილებლად." - ამბობს სოფო ჩიქოვანი ტვ პირველთან საუბრისას.
დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატის, გიორგი გამხიტაშვილის შეფასებით, ეს საქმე სრული აბსურდია, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი სამხილი. ის პროკურატურისგან საქმის მასალების გასაჯაროებას მოითხოვს.
"უპირველეს ყოვლისა მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ შეეშვან ჩემი არასრულწლოვანი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ და მისი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგს და ლანძღვას. საზოგადოებამ არ იცის სისხლის სამართლის საქმე, არ იცის სისხლის სამართლის საქმის დეტალების შესახებ, შესაბამისად, ვერ გააკეთებენ შესაბამის, სწორ სამართლებრივ შეფასებას. უფრო მეტსაც გეტყვით, ვინც იცის ეს სისხლის სამართლის საქმე, მიზანმიმართულად არ აკეთებს სწორ სამართლებრივ შეფასებებს. შესაბამისად, თითოეულს მოგიწოდებთ, რომ თავი შეიკავეთ ლანძღვისგან და ბულინგისგან… არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, არანაირი სახის მტკიცებულება არ დევს საქმეში, რითაც დადასტურდება წარდგენილი ბრალი. პირდაპირ გეტყვით, რონ ეს არის სრული აბსურდი…
ერთი რაღაც გაითვალისწინეთ კიდევ. მოწოდებები ხომ არის საზოგადოების მიმართ, დაზარალებულის მხრიდან, რომ გვერდში დაუდგნენ, ასე ვთქვათ, და დ.ჩ. უნდა გასამართლდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. რატომ? რატომ არ აჩვენებენ საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმის მასალებს. რატომ მალავს პროკურატურა? რატომ მალავს დაზარალებული? გამოიტანონ სააშკარაოზე, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. გამოიტანონ და დადონ მტკიცებულება საჯაროდ." - განაცხადა გიორგი გამხიტაშვილმა.
ცნობისთვის, გიგა ავლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა დემეტრე ჩიქოვანმა შიმშილობა დაიწყო. შიმშილობს აგრეთვე დედამისი, სოფო ჩიქოვანი.
დაკავებულ არასრულწოვანს 16 იანვარს ბრალი დაუმძიმდა. თავდაპირველად დ.ჩ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, ახლა კი, არასრულწლოვანს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად.
ახალგაზრდა მასწავლებელს ეჭვიანობის ნიადაგზე თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.
"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა" - წერდა პროკურატურა.
გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.
ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით. 17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.





