ევროპის რვა ქვეყანა, დანია, გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი ტრამპის მხრიდან გრენლანდიაზე უთანხმოების გამო ტარიფების დაწესების მუქარასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ქვეყნები აცხადებენ, რომ ტარიფების მუქარა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ძირს უთხრის. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოკავშირეების მიერ გრენლანდიაში ჩატარებული წვრთნები "საფრთხეს არ წარმოადგენს".
ამასთან, განცხადებაში წერია, რომ ქვეყნები დანიასა და გრენლანდიელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებენ და მზად არიან, აშშ-სთან ჩაერთონ დიალოგში, რომელიც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს დაეფუძნება.
"როგორც NATO-ს წევრებს, გვაქვს ვალდებულება, რომ გავაძლიეროთ არქტიკის უსაფრთხოება, როგორც საზიარო ტრანსატლანტიკური ინტერესი. მოკავშირეებთან ერთად ჩატარებული წინასწარ კოორდინირებული დანიური წვრთნები, "არქტიკული გამძლეობა", ამ საჭიროებას პასუხობს. ის არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
დანიის სამეფოსა და გრენლანდიელ ხალხს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ. გასულ კვირას დაწყებული პროცესზე დაყრდნობით მზად ვართ, რომ ჩავერთოთ დიალოგში, რომელიც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს ეფუძნება, რომლებსაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს.
ტარიფების მუქარები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ძირს უთხრის და ვითარების თანდათანობით სახიფათოდ გაუარესების საფრთხეს ქმნის. ერთობლივად და კოორდინირებულად რეაგირებას განვაგრძობთ. ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ერთგულები ვართ". - წერია განცხადებაში.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.
მან ასევე დაამატა, რომ ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკმაყოფილება გამოხატა ევროპული ქვეყნების ნაწილის მხრიდან ბოლო დღეებში გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის გამო, რაც ტრამპმა "სახიფათო" და "გაუმართლებელ" ნაბიჯად დაახასიათა.
პოსტში ტრამპმა განმარტა, რომ გრენლანდიის "მოპოვება" აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან "ოქროს გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემის "მაქსიმალური პოტენციალის მიღწევისთვის და ეფექტურობისთვის" გრენლანდიის მიწაა საჭირო.
ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა 17 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა აღარ არის შესაძლებელი.
"EPP ემხრობა EU-აშშ-ს სავაჭრო შეთანხმებას, მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მუქარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მისი დამტკიცება შეუძლებელია. აშშ-ს პროდუქტებზე 0%-იანი ტარიფი უნდა შეჩერდეს." - დაწერა ვებერმა X-ზე.





