17 იანვარს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში დეკემბრის ბოლოს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციები ამერიკული "შეთქმულება" იყო და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქციების "წახალისებაში" დასდო ბრალი.
ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
"ჩვენ აშშ-ს პრეზიდენტს დამნაშავედ ვთვლით იმ მსხვერპლისთვის, ზიანისა და ცილისწამებისთვის, რომელიც მან ირანელ ერს მიაყენა." - ციტირებს ხამენეის ირანული სამთავრობო მედია.
ხამენეი ასევე ირწმუნება, რომ "ბოლოდროინდელი არეულობა ამერიკული შეთქმულება იყო."
"ტრამპი თავადვე ჩაერია ამ არეულობაში, განცხადებები გააკეთა, მომიტინგეები წაახალისა და თქვა, რომ სამხედრო დახმარებას გაუწევდა." - დაამატა მან.
16 იანვარს პრეზიდენტმა ტრამპმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ "ირანმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა" და დაამატა, რომ "დიდ პატივს სცემს" იმ ფაქტს, რომ ასე მოხდა.
თუმცა, სამთავრობო მედიის მიხედვით, ხამენეიმ შაბათს თქვა, რომ "ჩვენ ქვეყანას ომში არ ჩავითრევთ, მაგრამ შიდა ან საერთაშორისო დამნაშავეებს დაუსჯელს არ გავუშვებთო".
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ დასტურდება 3 090 ადამიანის, მათ შორის, 2 885 დემონსტრანტის, დაღუპვა.
პარალალურად, ამერიკულმა ტელემაუწყებელმა, CBS News-მა ირანის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანში ხამენეის რეჟიმის მხრიდან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შედეგად 12 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული და ეს რიცხვი, შესაძლოა 20 000-საც აღწევდეს.





