გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგ გაკეთებული მუქარების ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, თეთრი სახლის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს დაუკავშირდა.
წყაროების თქმით, ეს ირანის მხრიდან აშშ-სთან ვითარების დეესკალაციის მცდელობაა ან, სულ მცირე, ტრამპის მხრიდან რეჟიმისთვის დამაზიანებელი ნებისმიერი ნაბიჯების გადადგმამდე მეტი დროის მოგება იყო.
საკითხზე ინფორმირებული წყაროს ცნობით, არაღჩიმ და უიტკოფმა მომდევნო დღეებში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა განიხილეს.
12 იანვარს პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რეჟიმს მასთან სურს, თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ შეხვედრამდე აშშ-ს შესაძლოა, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევაზე რეჟიმის მიმართ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს.
"როგორც ჩანს, დახოცილნი არიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ დახოცილნი. ისინი [ხამენეის რეჟიმი] ძალადობრივი ლიდერები არიან. თუ მათ ლიდერებს დაარქმევ. არ ვიცი, ლიდერები არიან თუ არა ისინი, თუ უბრალოდ ძალადობის მეშვეობით მართავენ, მაგრამ ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით, არმიაც სერიოზულად აკვირდება და ძალიან მტკიცე ვარიანტებს განვიხილავთ... ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ." - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ირანულმა მხარემ მას წინა დღეს დაურეკა და მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვა და ახლა შეხვედრის გამართვაზე სამზადისი მიმდინარეობს. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა დაამატა, რომ ირანში აქციების სასტიკი დარბევის გამო შესაძლოა, აშშ-მ შეხვედრამდე საპასუხო ნაბიჯები გადადგას.
"ირანს მოლაპარაკება სურს. ჩვენ შეიძლება, მათ შევხვდეთ. შეხვედრა მზადდება, მაგრამ ჩვენ შესაძლოა, მოქმედება მოგვიწიოს იმის გამო, რაც ხდება." - განმარტა ტრამპმა.
ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე 15 დღის განმავლობაში, გრძელდება.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 544 ადამიანი მოკლა და 10 681-ზე მეტი დააკავა. ორგანიზაციის მიხედვით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.
ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც.
ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება
ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება.





