სოციალურ ქსელში ვრცელდება ექვსწუთიანი ვიდეო ირანიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები აქციების შედეგად დაღუპული ახლობლების ამოცნობას.
ვიდეოში ჩანს მორგში ეკრანი, სადაც დაღუპულთა ფოტოებს აჩვენებენ ამოსაცნობად. მეორე კადრში ადამიანები ქუჩაში დასვენებულ ცხედრებს შორის ეძებენ ახლობლებს.
HRANA-ს ცნობით, შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 490 დემონსტრანტი და 48 სამართალდამცავი დაიღუპა. ამასთან, დაკავებულია 10 600-ზე მეტი აქციის მონაწილე.
გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხამენეის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე ირანის წინააღმდეგ იერიშის მიტანას სერიოზულად განიხილავს.
NYT-ის წყაროები აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში ტრამპს ირანზე შესაძლო იერიშების სცენარები წარედგინა, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპისთვის წარდგენილი სცენარები, მათ შორის, თეირანში არასამხედრო ობიექტებზე იერიშებს მოიცავს, ხოლო ნაწილი ირანის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებს პირდაპირ უკავშირდება.
NYT-ის წყაროების თქმით, ნებისმიერმა სამხედრო მოქმედებამ ტრამპის მუქარა უნდა შეასრულოს, თუმცა, ამავდროულად, ვითარება არ უნდა გააუარესოს.





