ტრამპის საგარეო პოლიტიკა

აშშ-მ სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანა (VIDEO)

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, 10 იანვარს აშშ-მ, პარტნიორი ქვეყნების ძალებთან ერთად, სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეებზე მასშტაბური იერიშები მიიტანა.

X-ის ანგარიშზე სარდლობამ იერიშების მიტანის ამსახველი კადრებიც გაავრცელა: 

განცხადების მიხედვით, აღნიშნული იერიშები ნაწილია იმ ოპერაციის, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 დეკემბერს აშშ-სა და სირიის ძალებზე მომხდარი თავდასხმის პასუხად გამოაცხადა 19 დეკემბერს. 

ცნობისთვის, 13 დეკემბერს სირიის უძველეს ქალაქ პალმირასთან ერთობლივი პატრულირების დროს სირიისა და აშშ-ს ძალებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ამერიკელი სამხედრო და თარჯიმანი დაიღუპა. მოგვიანებით ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ISIS-ის თავდასხმაზე პასუხი "ძალიან სერიოზული" იქნებოდა. 

"დღევანდელი იერიშების სამიზნე სირიაში ISIS იყო, რაც ნაწილია ჩვენ მიერ აღებული ვალდებულების, რომ ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგ ისლამური ტერორიზმი აღმოიფხვრას, აღიკვეთოს სამომავლო თავდასხმები და დავიცვათ ამერიკისა და პარტნიორების ძალები რეგიონში". - წერია CENTCOM-ის განცხადებაში.

"ჩვენი მესიჯი კვლავ მტკიცეა: თუ ჩვენს მებრძოლებს ზიანს მიაყენებთ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გიპოვით და მოგკლავთ, რამდენადაც არ უნდა სცადოთ სამართლიანობისგან თავის დაღწევა." - დაამატა აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ. 

კომენტარები