ირანი

ხამენეი: უკან არ დავიხევთ, ირანი არ არის ტოლერანტული უცხოელთა აგენტების მიმართ

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი
Photo: ATTA KENARE/AFP

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რეჟიმი "უკან არ დაიხევს" დემონსტრანტების წინაშე, რომლებიც, ხამენეის თქმით, "ვანდალები" და "დივერსანტები" არიან.

ხამენეიმ აქციის მონაწილეები ტრამპის სახელით მოქმედებაში დაადანაშაულა და დაამატა, რომ ირანი არ იქნება ტოლერანტული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც "უცხოელების აგენტები" არიან.

"ყველამ უნდა იცოდეს: ისლამურმა სახელმწიფომ ასობით ათასი ღირსეული ადამიანის სისხლით მოიპოვა ძალაუფლება და უკან არ დაიხევს მათ წინაშე, ვისაც მისი დამხობა სურს. ის [ირანი] არ არის ტოლერანტული უცხოელთა აგენტების მიმართ." - თქვა ხამენეიმ.

"არიან ადამიანები, რომელთა საქმიანობაც ნგრევაა. გუშინ ღამით თეირანში, და სხვა ადგილებშიც, რამდენიმე ვანდალი და მომიტინგე მოვიდა და გაანადგურა შენობა, რომელიც სახელმწიფოს, თავად ხალხს, ეკუთვნოდა. რატომ? რადგან ვიღაცამ [დონალდ ტრამპმა] რაღაც უაზრობები თქვა - რომ თუ ირანის მთავრობა ამას და ამას იზამს, მე მოვალ და თქვენს გვერდით ვიქნები, თქვენს მხარეს დავიკავებო. ეს მომიტინგეები და ზიანის მომტანი პირები მის [ტრამპის] გულს იგებენ." - დაამატა მან.

ირანის ლიდერმა ასევე თქვა, რომ "ქედმაღლობასა და სიამაყეში მჯდომი" ტრამპი ისევე დაემხობა, როგორც მსოფლიოს ტირანები და ქედმაღალი პირები — "როგორებიც არიან, ფარაონი, ნებროთი, რეზა-შაჰი და მოჰამედ რეზა" — დაამხვეს.

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.

გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

გავრცელებული ცნობებით, რეჟიმმა ამ დრომდე, სულ მცირე, 38 ადამიანი მოკლა, ხოლო 2 200-ზე მეტი დააკავა და დემონსტრანტებს ცეცხლიც გაუხსნა. ამის მიუხედავად, სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით მრავალ ქალაქს მოედო. 

კომენტარები