ირანში საპროტესტო აქციების მე-12 დღეს ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა, ხოლო ქალაქ ისპაანიდან გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ სამთავრობო მაუწყებლის, IRIB-ის შენობას ცეცხლი უკიდია.
გავრცელებული ცნობებით, რეჟიმმა ამ დრომდე, სულ მცირე, 38 ადამიანი მოკლა, ხოლო 2 200-ზე მეტი დააკავა და დემონსტრანტებს ცეცხლიც გაუხსნა. ამის მიუხედავად, სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით მრავალ ქალაქს მოედო.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების მხრიდან აქციების ძალადობრივი დარბევების პარალელურად, რეჟიმმა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გამორთო.
ამავდროულად, ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრე პრინცმა და ოპოზიციურმა ფიგურამ, რეზა ფეჰლევიმ მოსახლეობას პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა და X-ზე დაწერა, რომ "მილიონობით ირანელი ამაღამ თავისუფლებას ითხოვს."
საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც ხამენეის რეჟიმის მიმართ მუქარა კიდევ ერთხელ გააჟღერა და აღნიშნა, რომ თუ ირანის მთავრობა შეეცდება ძალადობრივად ჩაახშოს მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციები, აშშ საპასუხოდ იმოქმედებს.
ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.




