აშშ-ვენესუელა

სენატში წარდგენილი რეზოლუცია ტრამპს ვენესუელაში დამოუკიდებელ სამხედრო მოქმედებებს უზღუდავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ის სენატში წარდგენილი ახალი რეზოლუციით, ტრამპს აშშ-ს შეიარაღებული ძალების გამოყენება ვენესუელის ან ამ მიწაზე საომარი მოქმედებების ჩასატარებლად შეეზღუდება, თუ პრეზიდენტს კონგრესის ავტორიზაცია არ ექნება.

როგორც ამერიკული პოლიტიკური გამოცემა, The Hill წერს, რეზოლუციას 5 რესპუბლიკელი სენატორი (ჯოშ ჰოული, ლიზა მურკოვსკი, სიუზენ კოლინსი, რენდი პოლი და ტოდ იანგი) შეუერთდნენ. 

აღნიშნული რეზოლუცია სენატს ჯერ არ მიუღია, ამ საკითხზე კენჭისყრა შემდეგ კვირას გაიმართება

ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა და ავიამზიდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა. 

მადურომ და მისმა მეუღლემ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყვეს. მათ ბრალი ნარკო-ტერორიზმში, აშშ-ში იარაღისა და ნარკოტიკების შეტანის შეთქმულებაში ედებათ.

"მე უდანაშაულო ვარ, მე არ ვარ დამნაშავე, მე პატიოსანი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ" - უთხრა მადურომ მოსამართლეს.

მედიის ინფორმაციით, მოსამართლემ შემდეგი სხდომა 17 მარტს ჩანიშნა.

კომენტარები