რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: კრემლი შობის პერიოდში პროვოკაციას გეგმავს, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ კრემლი აშშ-ს შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩასაშლელად სპეცოპერაციას გეგმავს და აპირებს, რომ მასშტაბური პროვოკაცია მოაწყოს, რომელსაც "მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება". 

ამასთან, უკრაინის დაზვერვის მიხედვით, რუსეთი პროვოკაციას სავარაუდოდ  იულიუსის კალენდრით აღნიშნული შობის, 7 იანვრის, წინა დღეს ან შობას გეგმავს, ხოლო პროვოკაციის ადგილად სავარაუდოდ შეირჩევა "სალოცავი ან სხვა ობიექტი, რომელსაც როგორც რუსეთში, ისევე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს". 

"უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური ე.წ. "პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის" შემდეგ შემდგომი ესკალაციისთვის რუსული და უცხოური აუდიტორიის მოსამზადებლად კრემლის მიერ საბაბისთვის ახალი გაყალბებული ინფორმაციის გავრცელებას ვამჩნევთ.

მაღალი ალბათობით ვვარაუდობთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები გადავლენ მანიპულაციური ზემოქმედებიდან შეიარაღებულ პროვოკაციაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება. 

მოსალოდნელი ვადაა იულიუსის კალენდრით შობის წინა დღე ან შობის აღნიშვნის პერიოდი. პროვოკაციის ადგილად შეიძლება შეირჩეს სალოცავი ან სხვა ობიექტი, რომელსაც როგორც რუსეთში, ისევე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს". - წერია განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინის ჩართულობის მტკიცებულებების გასაყალბებლად რუსეთი პროვოკაციის ადგილას დასავლური წარმოების დრონის ნაწილებს მიიტანს. 

"უკრაინის ჩართულობის მტკიცებულებების გასაყალბებლად იგეგმება დასავლური წარმოების მოიერიშე დრონების ნაწილების გამოყენება, რომლებიც ბრძოლის ხაზიდან პროვოკაციის ადგილზე იქნება მიტანილი". - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 29 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიში მიიტანა, რის გამოც რუსეთი მიმდინარე მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიციების გადახედვას აპირებდა.

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა უთხრა, რომ "მას თავს დაესხნენ".

ტრამპმა დაამატა, რომ აშშ რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა პუტინის რეზიდენციას თავს დაესხა, შეისწავლიდა - "შეიძლება თავდასხმა საერთოდ არც მომხდარა". - აღნიშნა ტრამპმა 29 დეკემბერს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერგეი ლავროვის განცხადება უარყო და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეული შედეგების ჩასაშლელად, ცრუ ამბავს იგონებდა.

31 დეკემბერს ტრამპმა, როგორც ჩანს, უგულებელყო რუსეთის ბრალდება პუტინზე დრონებით თავდასხმის მცდელობის შესახებ, როდესაც მან New York Post-ის სტატია გააზიარა, სათაურით: "პუტინის მხრიდან მის წინააღმდეგ "თავდასხმაზე" აპელირება აჩვენებს, რომ მშვიდობას რუსეთი აბრკოლებს."

კომენტარები