რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

WSJ: აშშ-მ დაადგინა, რომ უკრაინას პუტინზე დრონებით იერიში არ მიუტანია

ვლადიმირ პუტინი

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა 31 დეკემბერს განაცხადეს, რომ უკრაინის იერიშის სამიზნე ვლადიმირ პუტინი ან მის რეზიდენცია არ ყოფილა, რითაც მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს კრემლის განცხადება, რომ უკრაინამ პუტინის მოკვლა სცადა. 

აშშ-ს მაღალჩინოსნის მიხედვით, რომელსაც სადაზვერვო ინფორმაცია გააცნეს, ეს დასკვნა გამომდინარეობს აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შეფასებიდან, რომლითაც დადგინდა, რომ პუტინზე არანაირი თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა. 

მაღალჩინოსანმა WSJ-ს განუცხადა, რომ უკრაინა სამხედრო ობიექტზე თავდასხმას ცდილობდა იმავე რეგიონში, სადაც პუტინის ერთ-ერთი რეზიდენცია მდებარეობს, თუმცა, იერიში რეზიდენციასთან ახლოსაც კი არ ყოფილა.

31 დეკემბერს ტრამპმა, როგორც ჩანს, უგულებელყო რუსეთის ბრალდება პუტინზე დრონებით თავდასხმის მცდელობის შესახებ, როდესაც მან New York Post-ის სტატია გააზიარა, სათაურით: "პუტინის მხრიდან მის წინააღმდეგ "თავდასხმაზე" აპელირება აჩვენებს, რომ მშვიდობას რუსეთი აბრკოლებს."

WSJ-ს წყაროს ცნობით, ტრამპმა პოსტ CIA-ს დირექტორთან, ჯონ რეტკლიფთან შეხვედრის შემდეგ გააზიარა. გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ს დაზვერვას სხვადასხვა საშუალებებით შეუძლია რუსეთის საჰაერო სივრცის, სამხედრო მოქმედებებისა და მის ტერიტორიაზე იერიშების მონიტორინგი, მათ შორის, სატელიტებით, სარადარო სისტემებითა და კომუნიკაციის გადაჭრის მეთოდებით.

NYP-მა სტატიაში აღნიშნა, რომ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-სა და უკრაინის შორის გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლოდინები "ზომიერად ოპტიმისტური" იყო, თუმცა მალევე რუსმა დიქტატორმა ომის გასახანგრძლივებლად მისი რეზიდენციის წინააღმდეგ უკრაინული იერიშების შესახებ ცრუ ამბის გამოგონება არჩია.

სტატია ხაზს უსვამს კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის მიერ პუტინის რეზიდენციის წინააღმდეგ იერიშის დამადასტურებელი ცნობების გასაჯაროებაზე უარს და წერს, რომ ეს იერიშები, სავარაუდოდ, არც მომხდარა.

"პასუხი არა მეტი დათმობა, არამედ [რუსეთის წინააღმდეგ] უფრო მკაცრი ზომები უნდა იყოს. [მშვიდობის დასამყარებლად] კიევმა თავისი წილი უკვე შეასრულა. ახლა პასუხისმგებლობა პუტინზე უნდა იყოს - ან გადადგას ნაბიჯი, ან კიდევ უფრო მკაცრ სანქციებსა და უკრაინისთვის მიწოდებულ უფრო მომაკვდინებელ შეიარაღებას დაუპირისპირდეს" - წერს NYP.

ამასთან, რუსეთის მხრიდან მორიგ ტყუილზე ხაზგასმასთან ერთად, სტატიაში წერია, რომ "მოსკოვმა არაერთხელ სცადა ზელენსკის მოკვლა. პუტინზე ნებისმიერი თავდასხმა გამართლებულია."

ცნობისთვის, 29 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიში მიიტანა, რის გამოც რუსეთი მიმდინარე მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიციების გადახედვას აპირებდა.

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა უთხრა, რომ "მას თავს დაესხნენ".

ტრამპმა დაამატა, რომ აშშ რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა პუტინის რეზიდენციას თავს დაესხა, შეისწავლიდა - "შეიძლება თავდასხმა საერთოდ არც მომხდარა". - აღნიშნა ტრამპმა 29 დეკემბერს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერგეი ლავროვის განცხადება უარყო და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეული შედეგების ჩასაშლელად, ცრუ ამბავს იგონებდა.

კომენტარები