ირანში ვალუტის კოლაფსითა და მზარდი ინფლაციით გამოწვეული საპროტესტო აქციების მეოთხე დღეს ფარსის ოსტანში დემონსტრანტებმა ადგილობრივ სამთავრობო შენობაში შეჭრა სცადეს. მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ დაშავდა სამი პოლიციელი, ხოლო ქალაქ ფასაში ოთხი ადამიანი დააკავეს.
დაპირისპირებების შესახებ ცნობები იყო ირანის დასავლეთში მდებარე ლურისტანისა და ჰამადანის ოსტანებშიც.
სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანების ჯგუფი შენობის ჭიშკრის გარღვევას ცდილობს. გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ვიდეოში ნაჩვენები ადგილმდებარეობის გადამოწმება მოხერხდა, თუმცა, ვერ მოხდა დროის დამოუკიდებლად შემოწმება.
BBC-ს მიხედვით, კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ დაცვის პოლიცია საპასუხო ცეცხლს ხსნის და ცრემლსადენ გაზს იყენებს.
ქალაქის გუბერნატორმა სამთავრობო მედიას განუცხადა, რომ "საპროტესტო აქციები ინფლაციამ და ეკონომიკურმა პირობებმა გამოიწვია. მათში მონაწილეობა მიიღეს მტრული არხებისა და მედიის გავლენის ქვეშ მყოფმა პირებმა... სიტუაცია ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა."
29 დეკემბერს ირანის დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები დაიწყო.
New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 დეკემბერს ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, მოჰამად რეზა ფარზინმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
28 დეკემბერს ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას კრიზისის მასშტაბი აღიარა.
"ამბობენ - 'ხელფასები გაზარდეთ' - საიდან მოვიტანოთ ფული?" - განაცხადა მან. არსებული მდგომარეობა ფეზეშკიანმა წინა მთავრობების, პარლამენტებისა და ოფიციალური პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დააბრალა.




