აშშ-ვენესუელა

ტრამპის თქმით, აშშ-მ ვენესუელაში "დიდ ობიექტებს" დაარტყა, დეტალებს არ აზუსტებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ნარკოტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში, ვენესუელაში "დიდ ობიექტებზე" იერიში მიიტანეს. ტრამპმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ რადიო გადაცემაში, 30 ოქტომბერს კი ჟურნალისტებთან ისაუბრა.

აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუზუსტებია დამატებითი დეტალები. მისი სიტყვებიდან სამი დღის შემდეგ ამ შემთხვევის შესახებ კომენტარი არც სამთავრობო უწყებებს გაუკეთებიათ. 

30 დეკემბერს ჟურნალისტებმა ტრამპს რადიო გადაცემაში ნათქვამი სიტყვების შესახებ ჰკითხეს. პრეზიდენტის თქმით, აშშ-მ დაარტყა ნავსაყუდელს და მოხდა "დიდი აფეთქება".

"ჩვენ ყველა ნავს და ახლა უკვე ტერიტორიასაც დავარტყით… ეს არის მთავარი ადგილი. იქ ხდებოდა ეს ყველაფერი და ახლა ის ადგილი აღარ არსებობს,"- თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

"მათ აქვთ დიდი ქარხანა ან დიდი ობიექტი, საიდანაც გემები გამოდიან. ორი ღამის წინ ეს გავანადგურეთ. ძალიან ძლიერად დავარტყით,"- აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა WABC-ის რადიოწამყვანთან სატელეფონო ინტერვიუში.

CNN-ისა და The New York Times-ის ინფორმაციით, დარტყმა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიერ დრონებით მოხდა. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება აშშ-ს პირველი სამხედრო ოპერაცია ვენესუელის ტერიტორიაზე.

ვენესუელის ხელისუფლებას ტრამპის განცხადებაზე ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, სექტემბრიდან მოყოლებული აშშ-ს აქტიურად მიაქვს იერიშები კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში ნარკოტიკების კონტრაბანდაში ჩართულ ნავებზე. ვაშინგტონის მონაცემებით, ამ დარტყმებს უკვე 20-ზე მეტი ხომალდი და სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები