ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში BBC-ის წინააღმდეგ, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელ კომისიაში (Ofcom) სარჩელის შეტანის შესახებ ისაუბრა.
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
კობახიძის თქმით, რეჟიმი BBC-ის სიუჟეტზე დავის დაწყებას მალე გეგმავს - როგორც ივანიშვილის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ქართული ოცნება "საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ინსტანციებსაც გამოიყენებს".
"დავის დაწყებას მალე ვგეგმავთ, ზეგ გვაქვს შეკრება, სადაც უკვე სარჩელის შინაარსსაც განვიხილავთ და რა თქმა უნდა, მალე დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი პროცესი პირველ რიგში, შევიტანთ შესაბამის სარჩელს ე.წ. Ofcom-ში, იქაურ მარეგულირებელ კომისიაში და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ სასამართლო ინსტანციებს - 10 მილიარდს მოვითხოვთ თუ არა არ ვიცით, მაგრამ...
[...] ფინანსური მოთხოვნა ნაკლებად აქტუალურია, ჩვენთვის მთავარია ის სამარცხვინო ტყუილი უარყოს BBC-მ რაც მათ გაავრცელეს სრულიად შეგნებულად, დაკვეთით და დავალებით - ამაში მე ვარ დარწმუნებული.
უბრალოდ რამდენად სამარცხვინო იყო ეს ტყუილი? არ არსებობს მოწამლული ადამიანი, არ არსებობს მსხვერპლი და ამ პირობებში შენ ამტკიცებ, რომ ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ - საოცარი ტყუილია, ხომ არ შეიძლება, ვიღაცას დააბრალო ატომური ბომბის ჩაგდება, როცა აფეთქებული არ არის არაფერი". - თქვა კობახიძემ.





