მთავარი რედაქტორის წერილი

კონსტანტინოპოლის ინტერვენციის დრო მოვიდა

მთავარი რედაქტორის წერილი

კონსტანტინოპოლის ინტერვენციის დრო მოვიდა

დღეს საქართველოს საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ მღვდელს, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს, რომელმაც სწრაფად მოიპოვა რეჟიმის მოწინააღმდეგეთა პატივისცემა და სიყვარული.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესია ყოველმხრივ ცდილობს გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური მოტივისგან გამიჯნოს, მას ეს ადვილად არ გამოსდის. 

არ გამოსდის იმიტომ, რომ საპატრიარქო ზედმეტად თავდაჯერებულია. 

რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია ადამიანები დაარწმუნო, რომ წალკაში მაკურნებელი კალმახები დაცურავენ, მაგრამ საჭიროა გახსოვდეს, რომ საკმარისი რაოდენობის ადამიანი ამას იმიტომ იჯერებს, რომ აწყობს. 

აი, ასიათასების დარწმუნება იმაში, რომ მომჩივანი, რომელიც იმავდროულად მოსამართლეა და რეჟიმის მესიჯბოქსისგან მცირე გადახვევასაც არ კადრულობს, მოულოდნელად დამოუკიდებელ და პოლიტიკურად ნეიტრალურ გადაწყვეტილებებს იღებს - ადვილი არ არის. 

ასეთი სასწაულების რწმენა რთულია, იმიტომ, რომ ზღაპარსაც აქვს თავისი შინაგანი სტრუქტურა და ლიმიტები. 

ჩვენ ახლა ამას აღარ შევყვებით. 

საინტერესოა, განვიხილოთ, როგორ უნდა იპოვოს სამართალი მღვდელმა ეკლესიაში, როცა ის მღვდელმთავართან მართალია?

ეკლესია იმართება ადგილობრივ (ეპარქიულ), რეგიონულ (ავტოკეფალია, ავტონომია) და უნივერსალურ დონეზე. 

ეპარქიულ დონეზე მღვდელმთავარი ფეოდალური ძალაუფლების მატარებელია. 

მარტივად რომ ვთქვათ, მას შეუძლია, არაკანონიკურად დაგსაჯოს და შენ მისი მორჩილება მოგიწევს, ვიდრე სააპელაციო სასამართლო არ გაგამართლებს.

ასეთი სააპელაციო ძალაუფლება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს აქვს. ანუ, სასამართლოს რეგიონულ დონეზე. 

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მოხდა ისე, რომ იმ ეპარქიის მღვდელმთავარი, რომელმაც გაგასამართლა, იმავდროულად იმ სინოდის თავმჯდომარეა, რომელმაც სამართალი უნდა გაპოვნინოს? 

მცხეთა-თბილისის არქიეპარქია, სადაც მამა დოროთე მსახურებს, იმართება იმ მღვდელმთავრის მიერ, რომელიც იმავდროულად კათოლიკოს-პატრიარქი და მეორე ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეა.

როცა სინოდის თავმჯდომარე ერთია, ხოლო სინოდში შემავალი ეპისკოპოსების რაოდენობა - არაერთი, არსებობს სამართლის პოვნის თეორიული შანსი. 

თეორიული, ცხადია, პრაქტიკულს არ ნიშნავს.

მოხდა ისე, რომ მღვდელმთავარი, რომელმაც გაგასამართლა, ამ კათედრაზე ზის ნახევარი საუკუნეა და იმ სინოდს, რომელსაც თავმჯდომარეობს, ბოლომდე აკონტროლებს, რადგან თითოეული მათგანი ლოიალობის ნიშნით გამოარჩია. 

მორჩა ყველაფერი? 

რეგიონულ დონეზე კი. 

და ჩვენს შემთხვევაში - დანამდვილებით. 

არ არსებობს არცერთი შემთხვევა, როცა კათოლიკოს-პატრიარქ ილიას გადაწყვეტილება წმიდა სინოდმა შეცვალა. ასეთი გადაწყვეტილებების რაოდენობა წმიდა სინოდში გახლავთ - ნული. 

ნახევარი საუკუნე - ნული შეტრიალებული გადაწყვეტილება. 

გასაგებია? ვფიქრობ, კი. 

რა ხდება შემდეგ, თუ სინოდი არ განიხილავს, ან ეპარქიის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს?

ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ნაციონალური ეკლესიების არსებობა თვალხილული რისკის მატარებელია - საერო ხელისუფლება და სასულიერო იერარქია შეიძლება შეთამაშდნენ და ოპოზიცია მოგუდონ.

გეცნობათ? გეცნობათ.

რაც ლოგიკურია, როგორც წესი, ნამდვილია. 

სწორედ ამ გარემოების გამოა მნიშვნელოვანი უზენაესი სააპელაციო ძალაუფლება ქვეყნისა და ავტოკეფალიის გარეთ გაიტანო და შემდეგ ეცადო, ეს ინსტანცია საერო ძალაუფლების გავლენისგან დააზღვიო. 

ხომ არ ამოხსენით ვატიკანის სახელმწიფოს არსებობის საიდუმლო? მაგრამ ეს რომშია, ჩვენ კი ახალ რომზე უნდა ვისაუბროთ:

სამართლმადიდებლოში ასეთი უზენაესი ძალაუფლება აქვს კონსტანტინოპოლის, ახალი რომის ეკლესიას. 

უფრო სწორად, ეს ძალაუფლება აქვს კონსტანტინოპოლის ვერსიით. მოგეხსენებათ, სამართლმადიდებლო სქიზმით არის დანაწევრებული. 

რუსეთი არ აღიარებს კონსტანტინოპოლის პრივილეგიებს, რომლითაც მან უკრაინას ავტოკეფალია უბოძა. 

საქართველოს საპატრიარქო, რა თქმა უნდა, ამ ფერხულში სრულიად რუსულ პოზიციაზეა. ამტკიცებს, ჩემსაზე ვარო, მაგრამ ამას მხოლოდ განსაკუთრებით მონდომებული იჯერებს. 

კრეტის კრებაზე წავიდნენ? არა. 

დაასრულეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის კითხვა? არა. 

მაგრამ ჩვენი საქმისთვის ვინ რა დაასრულა, სულერთია.

კონსტანტინოპოლი მიიჩნევს, რომ მას აქვს უზენაესი სასამართლოს პრივილეგია. და მას აქვს - შავით თეთრზე.

საქართველოს საპატრიარქო კი სრულ თანაზიარებაშია კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან. 

მარტივად რომ ვთქვათ, მამა დოროთე ყურაშვილსა და სხვა დასჯილ სასულიერო პირებს აქვთ სრული უფლება, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართონ აპელაციით. 

შემდეგ კი ყველაფერი ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსზე იქნება დამოკიდებული. 

რა თქმა უნდა, ეკლესიაში არ არსებობს პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტია და ეს გარანტია არც კონსტანტინოპოლის შემთხვევაში გვაქვს, მაგრამ დროა, ფანარში იგრძნონ, რომ საქართველოს საპატრიარქო ზედმეტად დიდხანს იყო ალალბედს მინდობილი.

თუ მსოფლიო საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას შეცვლის, ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ამ პრეცედენტმა, შესაძლოა, მცხეთის კათედრას მინიმუმ უბიძგოს პროცედურების გამართვისკენ. 

დიახ, არსებობს თეორიული შანსი, საქართველოს საპატრიარქომ კონსტანტინოპოლს ევქარისტიული კავშირის გაწყვეტით უპასუხოს, მაგრამ შედეგები მისთვის იქნება დამანგრეველი.

დამანგრეველი იქნება იმიტომ, რომ არავინ იცის, ვის მხარეს დადგება მრევლის განრისხებული ნახევარი, რომელსაც საქართველოს ეკლესია გერივით ექცევა.

ამას, ვფიქრობ, საქართველოს საპატრიარქოც აცნობიერებს.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, სანქცირებულმა პირებმა სიფრთხილით დაიცვან ყველა კანონიკური პროცედურა, რომ უზენაეს ინსტანციას, თუ მასთან აპელაციას გადაწყვეტენ, პროცესი გაუადვილონ. 

შესაძლოა, ეს იყოს გზა იმ ახალი რეალობისკენ, სადაც საქართველოს ეკლესია შეუზღუდავ ძალაუფლებას ლაგამს ამოსდებს. 

შესაძლოა, ეს იყოს გზა იმ შერჩევითი სამართლის აღმოსაფხვრელად, რომელსაც საპატრიარქო მღვდლების ერთი ნაწილის წინააღმდეგ იყენებს, როცა მეორენი, რომლებიც ოკუპანტსა და ძალადობას ეტრფიან, მხოლოდ თავისუფლებას გრძნობენ.

ბიუროკრატიული დეტალები უმნიშვნელოა. 

საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაცია ჩავარდნილი პროექტია. სწორედ ამიტომ მოვიდა უნივერსალური ეკლესიის ინტერვენციის დრო. 

რაც სწრაფად, მით უკეთესი.

კომენტარები