მთავარი რედაქტორის წერილი

ზღურბლზე დგომა: რატომ არის შფოთვა ჩვენი მეგობარი?

მთავარი რედაქტორის წერილი

ზღურბლზე დგომა: რატომ არის შფოთვა ჩვენი მეგობარი?

ძველი წლის მილევისა და ახლის შემობიჯების ზღურბლზე მრავალ ადამიანს სიხარულთან ერთად შფოთვა იპყრობს. 

კლასიკური გაგებით, შფოთვა რადიკალურად განსხვავდება შიშისგან: შიში ყოველთვის კონკრეტულია, მას აქვს ობიექტი, რომელსაც შეგიძლია გაექცე ან დაამარცხო. შფოთვა კი "არაფრისა" და "უცნობის" წინაშე დგომაა - ის არის სულის რეაქცია უფორმობაზე, განცდა, რომ სამყაროს ძველი წესრიგი სრულდება, ახალი კი - ჯერაც არ ჩანს. 

კირკეგორი ამას "თავისუფლების თავბრუსხვევას" უწოდებდა და მას “თავისუფლების შესაძლებლობად” მიიჩნევდა: სწორედ ამ შფოთვაში, როგორც ბურუსში, იკარგება სიმშვიდე, იწყება კრიზისი და ჩნდება გამოფხიზლების შანსი.

ფროიდის თანახმად, ცივილიზაცია სწორედ იმისთვის შევქმენით, რომ მოვიპოვოთ კონტროლი იმაზე, რაც გვაშფოთებს. მისთვის შფოთვა არის უცნობი საფრთხის მაუწყებელი, ხოლო რიტუალი - ამ შფოთვის მოთვინიერების გზა. რუტინა აქ ყოველდღიური რიტუალია - ერთგვარი ანესთეზია, რომელიც გვაწვდის მზა სტრუქტურებსა და როლებს, რომლებიც პირველყოფილ შიშს აყუჩებს. 

ამას "სიკვდილის უარყოფის" მექანიზმსაც უწოდებენ - ჩვენ ვაშენებთ სიმბოლურ კედლებს, რათა არ დავინახოთ ის, რაც გარდაუვალია, რაც  აუცილებლად მოვა. 

რუტინა ამ ანესთეზიის ყოველდღიური დოზაა: სანამ დაკავებული ხარ, სანამ “ჩაფლული” ხარ და “ცხოვრებას ცხოვრობ” - არსებითად არ გაწუხებს არც დიდი კითხვები და არც დიდი ფიქრები. პრაქტიკა სწორედ დიდი და საშიში კითხვებისგან გაქცევის გზაა, მაგრამ როცა დგება მოცალეობის დრო, ისინი თავს ხელახლა შეგვახსენებენ.

იმ ცივილიზაციაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დღესასწაული ყოველთვის იყო "საკრალური ნაპრალი" დროის ერთფეროვან დინებაში - სივრცე, სადაც ყოველდღიურობა წყდება და რუტინაზე ამაღლების შესაძლებლობა გვეძლევა.

მირჩა ელიადესთვის სამყარო მუდმივად ორ პოლუსს შორის არსებობს: უფორმო, დამანგრეველ ქაოსსა და მოწესრიგებულ, მნიშვნელობებით სავსე კოსმოსს შორის. ადამიანი ვერ იტანს უფორმობას. ის თავს უსაფრთხოდ მხოლოდ კოსმოსში გრძნობს. ამიტომ, რიტუალი არის მექანიზმი, რომელიც უფორმო ქაოსს ფორმას ანიჭებს და მას "აშინაურებს". 

ელიადე აღწერს, რომ მრავალი კულტურისთვის ახალი წელი არ იყო მხოლოდ ძველის გაცილება, არამედ სამყაროს სიმბოლური ნგრევა და ხელახლა შექმნა. დღესასწაული საშუალებას გვაძლევს დროებით გავიდეთ ისტორიული დროიდან და დავბრუნდეთ In illo tempore-ში - "მას ჟამსა შინა” - საკრალურ საწყისთან, სადაც სამყარო ჯერ კიდევ სუფთა დაფაა.

ახალი წელი ამ აზრით რუტინაზე “გეგმიური ამაღლებაა”, რათა თავად რუტინა განახლდეს - ის საშუალებას გვაძლევს დროებით დავუბრუნდეთ ქაოსს, რათა მისგან უფრო ძლიერი წესრიგი გამოვძერწოთ. 

ამ პროცესის გულშია მდგომარეობა, რომელსაც ვიქტორ ტერნერი "ზღურბლზე დგომას" უწოდებდა. ეს არის მომენტი, როცა აღარ ხარ ის, რაც იყავი, მაგრამ ჯერ არ გამხდარხარ ის, რაც უნდა იყო. ზღურბლზე დგომა საშიშია, რადგან სავსეა გაურკვევლობით, თუმცა ის ერთადერთი ადგილია, საიდანაც ნამდვილი ტრანსფორმაცია ხდება შესაძლებელი. სწორედ ამ ნაპრალში იშლება გაქვავებული სტრუქტურები და იბადება Communitas - ადამიანების ისეთი ნამდვილი, სპონტანური ერთობა, რომელიც სოციალურ იერარქიებს, სტატუსსა თუ შესაძლებლობას ათანასწორებს და ბედის საერთო განცდაზე დაჰყავს. 

2025 წელი სწორედ ასეთი, ზღურბლზე დგომის წელიწადი გახლდათ ქართული საზოგადოებისთვის. პოლიტიკურმა და სახელმწიფო კრიზისმა ადამიანებისთვის ხელშესახები გახადა იქამდე მოცემულობად, საარსებო გარემოს ჩვეულებრიობად მიღებული "დიდი იდეები". 

მოულოდნელად დაიწყო იმ სტრუქტურის მნიშვნელობათა გააზრება, რომელიც უწინ თავისთავად მოცემულობად ან “ლიბერალების საქმედ” მიიჩნეოდა. 

ხელშესახები გახდა თავად თავისუფლება - რადგან მისი დაკარგვის რისკმა გვიბიძგა მისივე  ფასის აღმოჩენისკენ. აღმოჩნდა, რომ ტროტუარზე დგომა არ არის “ჩვეულებრივი მოცემულობა” - ის შეიძლება, საბრძოლველი გახდეს, თუ ქაოსის ძალებს დანებდები.

მნიშვნელობების აღმოჩენის ეს მომენტუმი საზოგადოების ტრანსფორმაციის უდიდეს პოტენციალს ატარებს, მაგრამ აქაც - გარანტირებული არაფერია. თუ შფოთვა სასოწარკვეთად იქცა, ქაოსი ამ ჯერზეც გაიმარჯვებს წესრიგზე. 

კრიზისის განცდა დღეს საერთოა. შფოთვა გადაედოთ მათაც, ვინც აქამდე რეჟიმის მომხრედ ან პასიურ დამკვირვებლად ითვლებოდა.

როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და სოციალური კონტრაქტი ირღვევა, საფრთხე ეგზისტენციალური ხდება. 

ის, ვინც რეჟიმს სტაბილურობის გამო უჭერდა მხარს, ახლა ხედავს, რომ "მოშინაურებული" სამყარო ქრება.

შფოთვა, ამ აზრით, პროტესტის მეგობარია. 

მისგან გამოწვეული დაბნეულობა, ზოგჯერ არეული გამონათქვამები თუ ადამიანური შეცდომები ბუნებრივია, რადგან ეს ცოცხალი ორგანიზმის რეაქციაა საფრთხეზე. 

მაგრამ შფოთვას მხოლოდ კონტროლის დაბრუნება თუ აქცევს მაკურნებელ ძალად. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონტროლი მინიმალურზე, საკუთარ ნაბიჯებსა და არჩევანზე, რადგან, როგორც სახარება გვეუბნება: "მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ" (მათე 25,21).

ჩვენ უნდა შევხვდეთ შფოთვას, დაბნეულობასა და დიდ იდეებს გაშლილი ხელით და მივიღოთ მისი მაკურნებელი ძალა. 

სწორედ ასე გახდება შესაძლებელი იმის გააზრებაც, რომ “ზღურბლზე დგომა” ქაოსის აგენტებისთვისაც თანაზომად საფრთხეს წარმოადგენს. 

წარსული გამარჯვებას ვერ გაიფორმებს იქამდე, სანამ ამდენი ადამიანი - ბარიკადის ორივე მხარეს - ასე ცხადად, განიცდის კრიზისს.

მაშასადამე, ახალი წელი გვაბრუნებს საწყის წერტილთან, თითქოს სიმბოლურად აჯამებს “ზღურბლზე დგომის” წელიწადს - სადაც ყველაფერი ხელახლა უნდა განისაზღვროს. 

ვაცლავ ჰაველი წერდა, რომ იმედი არ არის მხოლოდ რწმენა იმისა, რომ რაღაც კარგად დასრულდება, არამედ რწმენა იმისა, რომ რაღაცას აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ის.

ეს სწორედ აზრების აღმოჩენის, მნიშვნელობების გააზრებისა და დიდი კითხვების დროა.

ახალი წელი სიმშვიდეს არ გვპირდება. ის გვაძლევს დროსა და სივრცეს, მივიღოთ კრიზისი, როგორც განწმენდისა და ზრდის შესაძლებლობა. 

ელიადეს სიტყვებით: "დღესასწაული გვიბიძგებს ყოველ დღეს ხელახლა შევხედოთ, იმისთვის, რომ ვიყოთ არა დროის მძევლები, არამედ მისი შემოქმედები". 

სანამ ვშფოთავთ, მომავალს აქვს შანსი.

კომენტარები