საქალაქო სასამართლოში დღეს თამარ ლორთქიფანიძის პროცესი გაიმართა, სადაც გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ლორთქიფანიძე პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა აგრეთვე თქვა, რომ მას პოლიციამ შეურაცხყოფა მიაყენა.
"ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. არანაირი უფლება არ აქვს ასეთი შეურაცხყოფა მომაყენოს ვინმემ, მითუმეტეს პოლიციას, ხაზს გავუსვამ აი, ამას. იმიტომ, რომ პოლიცია ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, კი არ უნდა გაგინებდეს... შეურაცხყოფას მაყენებდნენ. რომ ჩავჯექი მანქანაში, უკვე აღარ იყო გინება, მაგრამ მაქამდე იგინებოდნენ." - ამბობს თამარ ლორთქიფანიძე ჩანაწერში, რომელსაც ტვ პირველი ავრცელებს.
შემდეგი პროცესი 18 დეკემბერს, 15 საათზე ჩატარდება.
თამარ ლორთქიფანიძე 22 ოქტომბერს დააკავეს. ის აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა.
ლორთქიფანიძეს ბრალდება ძალადობისა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე წარედგინა.
უწყების ცნობით, ლორთქიფანიძემ "ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა", პოლიციის მანქანის სახურავზე ავიდა და "ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3 300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია."
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





