4 დეკემბერს ტრამპის ადმინისტრაციამ სრულად უცერემონიოდ, პრეზიდენტის ან ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების მხრიდან თანმხლები სიტყვის გარეშე, ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის (NSS) დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიზანიც, ტრადიციისამებრ, აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში გლობალური სტრატეგიის დასახვაა.
ზოგადად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა (NSS) და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის (NDS) დოკუმენტების შედგენას პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონგრესი ავალდებულებს. NSS-ში პრეზიდენტის ადმინისტრაცია განსაზღვრავს, თუ რა შედის აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში, როგორ არის ყოველივე ეს პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული და როგორია ადმინისტრაციის სტრატეგია. NDS დოკუმენტში კი აშშ-ს ომის დეპარტამენტი სტრატეგიას, ბიუჯეტური შეზღუდვების გათვალისწინებით, სამხედრო გეგმებად გარდაქმნის.
ისტორიულად ამგვარ დოკუმენტებს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკაზე იმაზე ბევრად უფრო ნაკლები გავლენა ჰქონდათ, ვიდრე მიიჩნეოდა. ხოლო ახალ სტრატეგიაში ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და განცხადებების იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა კიდევ უფრო კარგავს მნიშვნელობას იმ ფონზე, როცა ტრამპის მართვის სტილიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში თანმიმდევრული და მკაფიო ხაზის დანახვა ისედაც რთული იყო.
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი ტრამპისთვის საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელოს როლს არც პირველი ვადის დროს ასრულებდა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჰერბერტ მაკმასტერის ავტორობით შედგენილ ახალ სტრატეგიას ტრამპის რეალურ საგარეო პოლიტიკაზე შეზღუდული გავლენა ჰქონდა, ხოლო მაკმასტერმა თანამდებობა დოკუმენტის გამოქვეყნებიდან სულ რაღაც ოთხ თვეში დატოვა. NDS დოკუმენტის ავტორიც, ჯეიმს მეტისი, რომელიც ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრი იყო, 2018 წლის NDS-ის გამოქვეყნებიდან თერთმეტ თვეში თანამდებობიდან გადადგა.
ამასთან, დონალდ ტრამპის რიტორიკა მალევე ასცდა 2017 წლის NSS-ში დასახულ კურსს, რომელშიც რუსეთი "რევიზიონისტულ ძალად" და "სტრატეგიულ კონკურენტად" იყო დახასიათებული. დოკუმენტის წარდგენის დროს ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან გამართულ "დიდებულ" სატელეფონო ზარზე დაიწყო საუბარი და აღნიშნა, რომ პუტინი "ძალზე მადლიერი" იყო აშშ-ს მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციისთვის, რომელიც სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ტერორისტულ თავდასხმას ეხებოდა. ამის მიუხედავად, 2017 წლის სტრატეგიამ რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ახალი კურსი დასახა, თუმცა, ახალი NSS დოკუმენტი შინაარსობრივად ბევრად უფრო ნაკლოვანია და იდეოლოგიური ბუნდოვანებით არის გაჯერებული.
ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხსენებულ დოკუმენტში გამოხატული პოზიციების უგულებელყოფის ან მათი მნიშვნელობის დამცირება შეგვიძლია, იმის მიუხედავად, თუ რამდენად შეუძლიათ ამ იდეებს რეალური ძვრების გამოწვევა ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში. პირიქით, დოკუმენტი იძლევა საშუალებას, დავინახოთ, თუ რა ხედვები მკვიდრობს ტრამპის გარემოცვაში და როგორ ხედავენ თეთრი სახლის მაღალჩინოსნები მსოფლიოს.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ტრამპის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" პრინციპს ემყარება, აშშ დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციის გამყარებასა და მონროს დოქტრინის დაცვას აპირებს, რაც "საზღვრის დასაცავად და კარტელების დასამარცხებლად" სამხედრო ძალის "მიზანმიმართულად განლაგებასაც" მოიცავს, მათ შორის, "ლეტალური ძალის გამოყენებითაც."
მიზანი დასავლეთ ნახევარსფეროში არაენდემური კონკურენტებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, რათა მათ ვერ შეძლონ დედამიწის ამ ნაწილში სამხედრო ძალების ან სხვა საფრთხის შემცველი შესაძლებლობების განთავსება და ვერ ჰქონდეთ კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებზე.
სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ ამერიკის მიზანი დასავლეთ ნახევარსფეროში სტაბილურობისა და სწორი მმართველობის შენარჩუნებაა, რათა აღკვეთილი იყოს მასობრივი მიგრაციაც.
ჩინეთთან დაკავშირებით დოკუმენტში წერია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ცალმხრივად შეაჩერა ათწლეულობის განმავლობაში არსებული ის მცდარი დაშვება, რომ თითქოს ეკონომიკური თანამშრომლობა "წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში" ჩინეთის ჩართვას შეუწყობდა ხელს.
ამასთანავე, სამხედრო კუთხით, აშშ-სთვის "ტაივანის გამო კონფლიქტის აღკვეთა, იდეალურ შემთხვევაში სამხედრო უპირატესობის შენარჩუნებით, პრიორიტეტად" რჩება.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი განსაკუთრებით მწვავე შეფასებებს აძლევს ევროპაში არსებულ მდგომარეობას. "ევროპული სიდიადის წახალისების" პუნქტში ვკითხულობთ, რომ კონტინენტი "ცივილიზაციური წაშლის" მკვეთრი შესაძლებლობის წინაშე დგას.
ამ ნაწილშივე ვკითხულობთ, რომ "ადმინისტრაცია უთანხმოებაშია ევროპელ მაღალჩინოსნებთან, რომლებსაც ომზე არარეალისტური მოლოდინები აქვთ და არასტაბილურ უმცირესობის მთავრობებზე არიან ჩამომჯდრები, რომელთაგანაც ბევრი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ფეხქვეშ თელავს, ოპოზიციის ჩასახშობად." აქვე საუბარია იმაზეც, რომ ევროპის დიდ უმრავლესობას მშვიდობა სურს, თუმცა, ეს სურვილი პოლიტიკაში არ ითარგმნება, მეტწილად ამ მთავრობების მხრიდან დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო."
არანაკლებ საყურადღებოა ისიც, რომ დოკუმენტის ევროპულ ნაწილში გამოყოფილია "ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ჯანმრთელი ერები," რომელთა განვითარებაც, "კომერციული კავშირებით, იარაღის გაყიდვით, პოლიტიკური თანამშრომლობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლებით," აშშ-ს ერთ-ერთ პრიორიტეტადაა განსაზღვრული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპის მიმართ აშშ-ს სტრატეგია მოიცავს "ევროპული სიდიადის" წახალისებასა და მოთხოვნას, რომ ევროპამ "საკუთარ თავდაცვაზე მთავარი პასუხისმგებლობა" აიღოს, თუმცა, დოკუმენტი არ მიანიშნებს კონტინენტიდან აშშ-ს სრულად უკან დახევაზე, რაც შესაძლოა, ზოგიერთის მოლოდინიც იყო.
"ზოგადი საკითხები, რომელთა წინაშეც ევროპა დგას, მოიცავს ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების ქმედებებს, რაც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს." - ვკითხულობთ ევროპის ნაწილში, სადაც ნახსენებია "საიმიგრაციო პოლიტიკაც, რაც კონტინენტის გარდაქმნას" იწვევს და ქმნის "დაპირისპირებას".
სხვა პრობლემებთან ერთად დოკუმენტში ასევე ყურადღებაა გამახვილებული სიტყვის თავისუფლების ცენზურაზე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობაზე, ვარდნად შობადობასა და ეროვნული იდენტობებისა და თავდაჯერებულობის დაკარგვაზეც.
დოკუმენტის მიხედვით, თავდაჯერებულობის ამგვარი ნაკლებობა "ყველაზე მეტად რუსეთთან მიმართებით ევროპის ურთიერთობაში ჩანს". "ევროპელი მოკავშირეები მყარი ძალის მხრივ მნიშვნელოვან უპირატესობაში არიან რუსეთთან მიმართებით, თითქმის ყველა საზომით, ბირთვული იარაღის გარდა." - წერია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად ევროპა-რუსეთის ურთიერთობები ძალზე შესუსტებულია. ამას გარდა, დოკუმენტში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ბევრი ევროპელი რუსეთს "ეგზისტენციალურ საფრთხედ" მიიჩნევს, რუსეთი აშშ-ს ინტერესებისთვის საფრთხედ არ არის დახასიათებული.
ამავე ნაწილში წერია, რომ "რუსეთთან მიმართებით ევროპული ურთიერთობების მართვას აშშ-ს მხრიდან მნიშვნელოვანი დიპლომატიური ჩართულობა დასჭირდება," რათა ევრაზიაზე სტრატეგიული სტაბილურობისთვის საჭირო პირობები აღდგეს და ევროპულ სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის კონფლიქტის რისკი შემცირდეს.
ამავდროულად, აშშ-ს სტრატეგიის მიხედვით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების სწრაფად შეწყვეტაზე მოლაპარაკებები აშშ-ს "ძირითად ინტერესებში" შედის, რათა მოხდეს ევროპული ეკონომიკების სტაბილიზება, არ მოხდეს ესკალაცია ან ომის გაფართოება და დამყარდეს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობა, "ასევე იმისთვის, რომ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების შემდგომ უკრაინის აღდგენა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს, გადარჩენა." - რაც თავის მხრივ, ცალკე აღებული მნიშვნელოვანი ჩანაწერია.
რაც შეეხება NATO-ს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-სთვის პრიორიტეტულია, "დასრულდეს აღქმა და აღიკვეთოს რეალობა," რომ "NATO მუდმივად გაფართოებადი ალიანსია". ამასთანავე, დოკუმენტში წერია, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ზოგიერთ NATO-ს წევრ ქვეყანაში "უმრავლესობა არაევროპელი" იქნება, რაც "აჩენს კითხვას, შეხედავენ თუ არა ისინი აშშ-სთან ალიანსს ისე, როგორც ამას თავდაპირველი ხელმომწერები ხედავდნენ."
ამავდროულად, მაშინ, როცა 2017 წლის სტრატეგიაში ირანი და ჩრდილოეთ კორეა რუსეთ-ჩინეთისგან ცალკე კატეგორიაში იყვნენ გამოყოფილნი, ახალ დოკუმენტში ჩრდილოეთ კორეა საერთოდ აღარაა ნახსენები, ხოლო ირანთან დაკავშირებით წერია, რომ 2025 წლის ივნისის სამხედრო ოპერაციის შედეგად "მნიშვნელოვნად დაქვეითდა ირანის ბირთვული პროგრამა". ამასთან, ახლო აღმოსავლეთში აშშ-სთვის პრიორიტეტულად რჩება ჰორმუზის სრუტესა და წითელ ზღვაში თავისუფალი საზღვაო მიმოსვლის შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ სპარსეთის ყურის ენერგორესურსები "არ ჩავარდეს აშშ-ს აშკარა მტრის ხელში."
ამას გარდა, ტრამპის ადმინისტრაციის ჩამონათვალი მოიცავს ფენტანილის შემადგენელი ქიმიკატების ექსპორტის შეჩერებასაც, რაც "ამერიკის ოპიოიდის ეპიდემიას" ასაზრდოებს და ასევე გულისხმობს "პროპაგანდასთან, გავლენის ოპერაციებთან და სხვა სახის კულტურულ დივერსიასთან" გამკლავებასაც.
ხაზგასასმელია, რომ შინაარსობრივად, დოკუმენტის ძირითადი პუნქტები, რომლებმაც აშშ-ს მოკავშირეებსა და დასავლეთის მომხრეებში ახალი აღშფოთება გამოიწვია, ტრამპის ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ იყო გაჟღერებული - ეს მოიცავდა ევროპაში პოპულისტურ-ნაციონალისტური პარტიების მხარდაჭერას, მიუნხენში ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის გამოსვლას და ასევე აშშ-ს ომის მინისტრის უარს NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე. შესაბამისად, სტრატეგიის ახალი დოკუმენტი არსებითად არ ცვლის იმ გარემოებას, რომელშიც თავისუფალი სამყარო ისედაც იყო.
ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გარემოება კი არ დაამკვიდრა, არამედ მსოფლიო უკვე დიდი ხნის განმავლობაში განვითარებული პრობლემების ფონზე გამოაფხიზლა. აშშ-ს ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავების მცდელობაა, რაც აღმავალი ჩინეთის, დასუსტებული ევროპისა და შესაძლებლობების მიღმა გადაჭიმული აშშ-ს სახით ვლინდება. თუმცა, აშშ-ს მიერ ახლად დასახულ სტრატეგიაში, დიაგნოზი ზოგან არასწორადაა დასმული, ზოგან კი ძირეული პრობლემის აღმოფხვრის არასწორი გზაა არჩეული. ყოველივე ამან, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, აშშ-ს გავლენა, რეპუტაცია და შეკავების პოლიტიკის გატარების უნარი კიდევ უფრო შეასუსტოს. თავის მხრივ, ეს ისევ თავისუფალი სამყაროსთვის იქნება ცუდი.
მაგრამ სტრატეგიის ახალ დოკუმენტი არ უნდა გახდეს ახალი სასოწარკვეთის გაჩენის ან უკვე არსებული უიმედობის კიდევ უფრო გაღვივების საფუძველი. ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა არ არის საბოლოოდ გაწერილი და მისი ცვალებადობა არანაკლებ დამოკიდებულია თავისუფალი სამყაროს მტრების შეცდომებზეც, რაც ამ დრომდე ირანის, რუსეთის თუ ვენესუელის ავტოკრატი ლიდერების მხრიდან არაერთხელ ვიხილეთ.
ამრიგად, ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები 29-გვერდიან დოკუმენტზე მეტად ტრამპის სურვილებზეა დამოკიდებული და მათ ფერისცვალებას ტრამპის ვადის ამოწურვამდეც უნდა ველოდოთ. აშშ-ს პრეზიდენტის ამგვარი ცვალებადობა ევროპის ან თუნდაც უკრაინის მიმართ ხშირად გამოიჩინა.
ქვეყნის პრეზიდენტის ცვალებადი ბუნებით უკმაყოფილონი დარჩნენ აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის იზოლაციონისტური ფრთის წარმომადგენლებიც, როდესაც მიმდინარე წლის ივნისში ტრამპმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. ამავე განწყობით არიან ისინი გამსჭვალული ვენესუელის რეჟიმის მიმართ პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების გამოც. ამასთანავე, სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თეთრი სახლის ისტორიული ჩართულობა, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან განახლებულ დიპლომატიურ ძალისხმევასთან ერთად, მიანიშნებს, რომ ტრამპისთვის დასავლეთ-აღმოსავლეთ ნახევარსფეროების გამყოფი ხაზი არ წარმოადგენს ჰორიზონტის ხაზს, რომლის მიღმაც მას ცურვის უფლება არ აქვს.
ახლანდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში არათანმიმდევრულ მიდგომაზე ისიც მეტყველებს, რომ სექტემბერში სამხედრო ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპს არ უსაუბრია რუსეთზე, ჩინეთზე ან ირანზე, თუმცა, მას შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინთან დაგეგმილი სამიტი გააუქმა და მოსკოვში გაკეთებული განცხადებების გამო ბირთვული გამოცდების გაგრძელებაც დააანონსა. კარიბის ზღვაში კი აშშ-ს საზღვაო ძალების მობილიზაციის დაწყებასთან ერთად პრეზიდენტმა ტრამპმა ისიც დაადასტურა, რომ ვენესუელის შიგნით ფარულად მოქმედებებზე ნებართვა გასცა.
ამავდროულად, ტრამპმა საუდის არაბეთში სიტყვით გამოსვლისას, ერთი მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი გარდაქმნა "დასავლელი ინტერვენციონისტებისა" და "ნეოკონსერვატორი, ერის მშენებლების" გამო არ მომხდარა და დაამატა,რომ "თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის დაბადება" თავად რეგიონის ქვეყნებისა და ხალხის მონაპოვარია. თუმცა, მეორე მხრივ, აშშ-ს არმია ღაზის სექტორში ტრამპის სამშვიდობო გეგმის ზედამხედველობის ნაწილშია ჩართული, ხოლო თავად პრეზიდენტმა დიდი ყურადღება დაუთმო სირიის გარდამავალი მთავრობის საკითხს, რის ფარგლებშიც მან სირიას სანქციები მოუხსნა და ისრაელსა და სირიას შორის ურთიერთობის დარეგულირების საკითხშიც ჩაერთო.
შესაბამისად, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ან, სულ მცირე, 2026 წლის შუალედურ არჩევნებამდე, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიმართულებაზე შინაარსობრივი მსჯელობა და ტრამპის მომდევნო ნაბიჯების პროგნოზების მცდელობები ფუჭი და ნაადრევია. ზოგადი შეფასებისას მხოლოდ იმით შეიძლება შემოვიფარგლოთ, რომ არათანმიმდევრული და ხანდახან მცდარი საგარეო პოლიტიკით აშშ-სთვის, მსოფლიოსთან ერთად, თვითმიყენებული ზიანის ფონზე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ტრამპმა სწორად იმოქმედოს, როგორც ეს ირანის შემთხვევაში ვნახეთ, და იმედი გვქონდეს, რომ აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია სწორ ნაბიჯს გადადგამს, სულ მცირე, "ყველა სხვა ვარიანტის ამოწურვის შემდეგ".
ამგვარად, ბოლო თვეების გამოცდილებიდან გამომდინარე, აშშ-ს ახალი სტრატეგიული დოკუმენტით არ იცვლება ის რეალობა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობა არ გამქრალა. ანალოგიურად არ იცვლება ის სამწუხარო და სახიფათო ვითარებაც, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ანტიდასავლური კურსის ფონზე, ქვეყანა სტრატეგიულ იზოლაციაში იმყოფება აშშ-სთან, ევროპასთან და ზოგადად დასავლურ სამყაროსთან. ტრამპის ტრანზაქციონალურ რეალიზმში კი ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც პოლუსებთან დაბალანსების საბაბით აშშ-ს მოწინააღმდეგეებთან დალაგებას ცდილობს, ანტიამერიკული პოლიტიკის გამტარებლად ითვლება, როგორც ეს BRICS-თან დაკავშირებით ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ვიხილეთ.
ამიტომ, მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მომატებული საფრთხეების გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სწორი, პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი, რათა გადამწყვეტ მომენტში ქვეყანა არ აღმოჩნდეს იზოლირებული, რეალური მოკავშირეების გარეშე. აქედან გამომდინარე, აშშ-ს ახალი სტრატეგიის დოკუმენტი უფრო მეტი მოტივაციის მომცემი და ძალისხმევის შთამაგონებელი უნდა იყოს და არა - იმედგაცრუების მომტანი, რაც გამოწვევების წინაშე საბოლოოდ უუნარობასა და უმოქმედობას გამოიწვევს.




