შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ამოიღეს 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი." დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა აღნიშნული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 1988 წელს დაბადებული პ.კ.-ს ავტომობილისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. პოლიციამ პ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისი დანაყოფები 24 საათის განმავლობაში, განაგრძობენ ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათ მიმართ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების გატარებას.





