უკრაინელი დეპუტატი, ოლექსიი გონჩარენკო რუსეთ-უკრაინის ომის დასამთავრებლად აშშ-ს მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტს ასაჯაროებს, რომელიც დღეს, 20 ნოემბერს, ამერიკულმა მხარემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის წარუდგინა.
გასაჯაროებული სამშვიდობო გეგმის პროექტი მეტწილად რუსეთისთვისაა მომგებიანი და უკრაინის მხრიდან მრავალ დათმობას ითვალისწინებს, თუმცა გამოცემა Wall Street Journal-თან აშშ-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კიევისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმის პროექტი საბოლოო არაა და აშშ მხარეებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პროექტის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად აშშ-სთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა.
მანამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ X-ზე დაწერა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასამთავრებლად "სერიოზული და რეალისტური იდეების ინტენსიური მიმოცვლაა" საჭირო და დაამატა, რომ "ორივე მხრიდან რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე წასვლა" მდგრადი მშვიდობის წინაპირობაა.
"ჩვენ ახლაც და სამომავლოდაც გავაგრძელებთ ამ ომის დასამთავრებლად პოტენციური იდეების სიის შექმნას, რომელიც ამ კონფლიქტის ორივე მხარის ჩართულობაზე იქნება დამყარებული." - განმარტა რუბიომ.
პარალელურად გამოცემა Axios წერს, რომ უკრაინისთვის წარდგენილი ტრამპის სამშვიდობო გეგმა NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავს უპრეცედენტო უსაფრთხოების გარანტიასაც მოიცავს, რომლის ფარგლებშიც აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაზე თავდასხმას მთელ "ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე" თავდასხმად ჩათვლიან.
კიევისთვის წარდგენილი 28-პუნქტიენი გეგმის მიხედვით, რომელსაც გონჩარენკო ასაჯაროებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები - ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკკი - რუსეთის დე ფაქტო კონტროლქვეშ მყოფად იქნება აღიარებული, მათ შორის აშშ-ს მიერ. პროექტის მიხედვით, დონეცკის ოლქში უკრაინის მიერ კონტროლირებული ტერიტორია რუსეთის კონტროლქვეშ გადავა და დემილიტარიზირებულ ზონად გამოცხადდება. გეგმის თანახმად, უკრაინას კომერციული მიზნებით მდინარე დნეპრის გამოყენების შეუზღუდავი უფლება ეძლევა.
გარდა ამისა, სამშვიდობო გეგმის პროექტის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალებს პერსონალის ლიმიტი დაუწესდება, რაც მათ რაოდენობას 600 000-მდე შეზღუდავს.
სამშვიდობო წინადადება უკრაინას საკუთარ კონსტიტუციაში NATO-ში გაწევრიანების ამკრძალავი ჩანაწერის შეტანასაც ავალდებულებს, ხოლო NATO-ს უკრაინის მიღებას უკრძალავს. პროექტის მიხედვით, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება ეძლევა. ასევე, სამშვიდობო პროექტი ცეცხლის შეწყვეტის დღიდან უკრაინას ავალდებულებს არჩევნები 100 დღის ვადაში ჩაატაროს.
ამასთან, პროექტი უკრაინისთვის უსაფრთხოების "სანდო" გარანტიებს ითვალისწინებს, მათ შორის აშშ-სგან.
სამშვიდობო წინადადებაში ნათქვამია, რომ თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, რუსეთი აშშ-ს ჩართულობით "გადამწყვეტ კოორდინირებულ სამხედრო პასუხს" მიიღებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა საერთაშორისო სანქცია აღდგება და ახალი ტერიტორიების აღიარებები გაუქმდება. სამშვიდობო დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი უკრაინისა და NATO-ს მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას "სამართლებრივად უზრუნველყოფს".
რაც შეეხება უკრაინის მიერ რუსეთში შეჭრის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში, დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა ყველა გარანტიას დაკარგავს.
ამასთან, აშშ-ს გეგმის წინადადება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თანდათან გაუქმებასა და რუსეთის მსოფლიო ეკონომიკაში რეინტეგრაციას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, გაყინული რუსული აქტივები აშშ-სა და რუსეთის საერთო საინვესტიციო ფონდისთვისა და უკრაინის აღსადგენი ფონდისთვის იქნება გამოყენებული, რომლის მოგების 50% აშშ-ს, 25% ევროპას, ხოლო 25% რუსეთს გადაეცემა. პროექტი უკრაინის ომის შედეგად განადგურებული ტერიტორიების აღდგენის სხვა პროექტებსაც ითვალისწინებს, რომლებშიც აშშ, ევროპელი პარტნიორები და მსოფლიო ბანკი მიიღებს მონაწილეობას. აგრეთვე, აშშ-ს გეგმა უკრაინის სამრეწველო შესაძლებლობების განვითარებასა და მასში ინვესტიციასაც ითვალისწინებს.
ასევე, სამშვიდობო დოკუმენტი ევროპას NATO-სა და რუსეთს შორის "გასული 30 წლის განმავლობაში დაგროვილი გაურკვევლობების" გადაჭრასაც გულისხმობს. გეგმის მიხედვით, NATO-სა და რუსეთს შორის უსაფრთხოების პრობლემების განსახილველად მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნება, რომელშიც შუამავლის როლს აშშ შეასრულებს.
ასევე, გეგმა G8-ს ფორმატში რუსეთის ხელახლა გაწევრიანებასაც გულისხმობს.
გეგმის მიხედვით, უკრაინა ბირთვული იარაღის არმქონე ქვეყნად დარჩენის ვალდებულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს, ხოლო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მეთვალყურეობის ქვეშ იოპერირებს და გამომუშავებული ენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად გაიყოფა.
საინტერესოა, რომ სამშვიდობო წინადადება ასევე ორივე მხარისთვის სასკოლო განათლების სისტემაში ანტიდისკრიმინაციული და ტოლერანტული პროგრამების შემოღებას, ხოლო უკრაინისთვის რელიგიური ტოლერანტობისა და ლინგვისტური უმცირესობების დაცვის ევროკავშირის სტანდარტებით გათვალისწინებული კანონმდებლობის მიღებას გულისხმობს. გეგმა ასევე ორივე ქვეყანას "უკრაინული და რუსული მედიისა და განათლების წინააღმდეგ დისკრიმინაციის" აკრძალვას ავალდებულებს.
ამასთან, სამშვიდობო გეგმის პროექტი "ნებისმიერი ნაცისტური იდეოლოგიისა და საქმიანობის უარყოფასა და აკრძალვას" გულისხმობს.
აგრეთვე, სამშვიდობო წინადადება სამხედრო ტყვეებისა და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების სრულ, ე.წ. "ყველა ყველას სანაცვლოდ" პრინციპით, გაცვლას ითვალისწინებს. ასევე, პროექტის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გათავისუფლდება ყველა სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები - შეიქმნება "ოჯახების გამთლიანების პროგრამა".
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომში მონაწილე ყველა მხარეს ომის განმავლობაში ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით სრული ამნისტია შეეხება.
სამშვიდობო გეგმის აღსრულებას მონიტორინგსა და გარანტიას სამშვიდობო საბჭოს გაუწევს, რომლის თავმჯდომარე დონალდ ტრამპი იქნება.
ამ გეგმის პუნქტებზე ორივე მხარის მიერ შეთანხმების შემთხვევაში, დოკუმენტი დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და შეთანხმებული ნაბიჯების აღსრულების დაწყებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, გასულ დღეებში დასავლურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომის ახალი სამშვოდობო გეგმის პროექტს რუსეთთან ერთად ქმნიდა და გეგმის დეტალებს მალე ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებს გააცნობდა.
გთავაზობთ გასაჯაროებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ტექსტს ქართულად:
1. უკრაინის სუვერენიტეტი დადასტურდება.
2. რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის სრული და ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შეთანხმება დაიდება. ბოლო 30 წლის ყველა გაუგებრობა გადაწყვეტილად ჩაითვლება.
3. მოსალოდნელია, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება, ხოლო NATO მეტად აღარ გაფართოვდება.
4. უსაფრთხოების ყველა საკითხის მოსაგვარებლად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად რუსეთსა და NATO-ს შორის, აშშ-ს შუამავლობით, დიალოგი წარიმართება, რათა უზრუნველყოფილი იყოს გლობალური უსაფრთხოება და გაიზარდოს თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები.
5. უკრაინა მიიღებს სანდო უსაფრთხოების გარანტიებს.
6. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 600 000 სამხედრო მოსამსახურემდე შეიზღუდება.
7. უკრაინა დათანხმდება, კონსტიტუციაში შეიტანოს ჩანაწერი, რომ არ გაწევრიანდება NATO-ში, ხოლო NATO დათანხმდება, საკუთარ დოკუმენტებში ასახოს დებულება, რომ NATO არანაირი სახით ან ფორმით არ მიიღებს უკრაინას.
8. NATO დათანხმდება, რომ უკრაინაში საკუთარ ძალებს არ განათავსებს.
9. პოლონეთში ევროპული ავიაგამანადგურებლების ბაზირება მოხდება.
10. აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიები:
ა. აშშ მიიღებს კომპენსაციას უკრაინისგან, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ბ. თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრება, ყველა გარანტიას დაკარგავს.
გ. თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, გადამწყვეტ, კოორდინირებულ სამხედრო პასუხთან ერთად, აღდგება ყველა გლობალური სანქცია, გაუქმდება ახალი ტერიტორიების აღიარება და ამ შეთანხმებით რუსეთისთვის გათვალისწინებული ყველა სარგებელი.
დ. თუ უკრაინა უმიზეზოდ გაუშვებს რაკეტას მოსკოვისკენ ან სანქტ-პეტერბურგისკენ, უსაფრთხოების გარანტიები ძალადაკარგულად ჩაითვლება.11. უკრაინას ექნება ევროკავშირში გაწევრიანების უფლება და მოკლევადიან პერსპექტივაში მიიღებს პრივილეგირებულ წვდომას ევროკავშირის ბაზარზე, ვიდრე საკითხი არ გადაიხედება.
12. შეიქმნება უკრაინის აღდგენის ძლიერი გლობალური პროგრამა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს:
ა. უკრაინის აღდგენის ფონდის შექმნას მაღალტექნოლოგიურ სექტორებში, მათ შორის, ტექნოლოგიის, მონაცემთა ცენტრებისა და მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე სექტორებში, ინვესტიციების ჩასადებად.
ბ. აშშ უკრაინასთან ითანამშრომლებს უკრაინაში გაზის ინფრასტრუქტურის ერთობლივად აღდგენის, განვითარების, მოდერნიზაციისა და ოპერირების კუთხით, მათ შორის, მილსადენებისა და სასაწყობე ობიექტების მხრივაც.
გ. ერთობლივი ძალისხმევა ომის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად, რათა მოხდეს ქალაქებისა და საცხოვრებელი ზონების რესტავრაცია, რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია.
დ. ინფრასტრუქტურის განვითარება.
ე. სასარგებლო მინერალებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვება.
ვ. მსოფლიო ბანკი შეიმუშავებს სპეციალურ ფინანსურ პაკეტს ამ პროცესების დასაჩქარებლად.13. მოხდება რუსეთის კვლავ ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში:
ა. განიხილება სანქციების მოხსნა, რისი კოორდინაციაც ეტაპობრივად და ინდივიდუალურად მოხდება.
ბ. აშშ რუსეთთან გააფორმებს გრძელვადიან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ცენტრების, არქტიკაში იშვიათი ლითონების პროექტებისა და სხვა ერთობლივი ეკონომიკური შესაძლებლობების მიმართულებით.
გ. რუსეთს მიიწვევენ G8-ში დასაბრუნებლად.14. გაყინული რუსული აქტივები გამოიყენება შემდეგნაირად:
100 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული რუსული თანხა ჩაიდება აშშ-რუსეთის ერთობლივ ძალისხმევაში უკრაინის აღდგენისა და ინვესტიციებისთვის. ამ პროექტებიდან მოგების 50%-ს აშშ მიიღებს. ევროპა დამატებით 100 მილიარდ დოლარს ჩადებს აღდგენაში. დარჩენილი რუსული თანხა ამერიკულ-რუსულ საინვესტიციო ფონდში ჩაიდება, რომლის მიზანიც იქნება ურთიერთობების განმტკიცება და საერთო ინტერესების ზრდა, რათა შეიქმნას ძლიერი მოტივაცია კონფლიქტში დაბრუნების თავიდან ასაცილებლად.
15. შეიქმნება აშშ-რუსეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების საკითხებზე, რათა ხელი შეეწყოს და უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება.
16. რუსეთი კანონმდებლობაში ასახავს ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას.
17. აშშ და რუსეთი შეთანხმდებიან, რომ გაგრძელდეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასა და კონტროლზე ხელშეკრულებების მოქმედება, მათ შორის START-1-იც.
18. უკრაინა დათანხმდება, რომ დარჩება ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.
19. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური IAEA-ს ზედამხედველობით იმუშავებს და გამომუშავებული ენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად, 50/50-ზე განაწილებით გაიყოფა.
20. ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, სკოლებსა და საზოგადოებაში დანერგოს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს განსხვავებული კულტურების მიმართ ურთიერთგაგებასა და ტოლერანტობას, და აღმოფხვრის რასიზმსა და ცრურწმენებს.
ა. უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და ენობრივი უმცირესობების დაცვის თაობაზე.
ბ. ორივე ქვეყანა დათანხმდება, გააუქმოს ყველა დისკრიმინაციული ზომა და გარანტირებული იყოს უკრაინული და რუსული მედიისა და განათლების უფლება.
გ. უარყოფილი და აკრძალული უნდა იყოს ყოველგვარი ნაცისტური იდეოლოგია და საქმიანობა.21. ტერიტორიები:
ა. ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი რუსეთის დე ფაქტო რუსულად იქნება აღიარებული, მათ შორის, აშშ-ს მიერ.
ბ. ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრები გაიყინება შეხების ხაზზე, რაც არსებული შეხების ხაზის დე ფაქტო აღიარებას.
გ. რუსეთი უარს იტყვის ყველა სხვა ტერიტორიულ პრეტენზიაზე იმის მიღმა, რასაც ამჟამად აკონტროლებს ხუთ რეგიონში.
დ. უკრაინული ძალები დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილებს, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ და მოხდება ამ ტერიტორიის დემილიტარიზაცია, როგორც რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ ნეიტრალურ ზონად. რუსეთის ძალები ამ ზონაში არ შევლენ.22. სამომავლო ტერიტორიულ მოწყობაზე შეთანხმების შემდეგ, რუსეთი და უკრაინა პირობას დადებენ, რომ ამ მოწყობის შეცვლა ძალით არ მოხდება. უსაფრთხოების გარანტიები აღარ იმოქმედებს, თუ ამ ვალდებულებას რომელიმე მხარე დაარღვევს.
23. რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინის მხრიდან მდინარე დნეპრის კომერციული მიზნით გამოყენებას და მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვით გავლით მარცვლეულის თავისუფლად გადაზიდვაზე.
24. გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნება სპეციალური ჰუმანიტარული კომიტეტი:
ა. სამხედრო ტყვეებისა და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლა "ყველა ყველას სანაცვლოდ" პრინციპით მოხდება.
ბ. ყველა დაკავებული სამოქალაქო პირი და მძევალი გათავისუფლდება, მათ შორის, ბავშვებიც.
გ. დაინერგება ოჯახების გამთლიანების პროგრამა.
დ. გადაიდგმება ნაბიჯები კონფლიქტის მსხვერპლთა ტანჯვის შესამსუბუქებლად.25. უკრაინა ხელახალ არჩევნებს 100 დღეში ჩაატარებს.
26. ომში ჩართულ ყველა მხარეს მიენიჭება სრული ამნისტია ომის დროს ჩადენილი ქმედებების მიმართ და მხარეები დათანხმდებიან, რომ სამომავლოდ არ შეიტანენ სარჩელს ან არ ექნებათ პრეტენზიები.
27. ამ შეთანხმებას ექნება სამართლებრივი ძალა. მისი აღსრულების გარანტორი და მონიტორინგის გამწევი სამშვიდობო საბჭო იქნება, დონალდ ჯეი ტრამპის თავმჯდომარეობით. დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები.
28. მემორანდუმზე ორივე მხარის თანხმობის შემდეგ, დაუყოვნებლივ შეწყდება საომარი მოქმედებები, რის შემდეგაც ორივე მხარე დაიწყებს შეთანხმებული ნაბიჯების შესრულებას შეთანხმების აღსასრულებლად.





