აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვენესუელურ ორგანიზაცია Cartel de los Soles-ს პრეზიდენტი ნიკოლა მადურო მართავს და აშშ მას უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.
მედიის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი ორგანიზაციას ტერორისტული დაჯგუფებების სიაში 24 ნოემბრიდან შეიყვანს.
"სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. არალეგიტიმური პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით, ჯგუფმა ვენესუელაში სამთავრობო ინსტიტუტების კორუმპირება მოახდინა და პასუხისმგებელია სხვა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მიერ და მათთან ერთად ჩადენილ ტერორისტულ ძალადობაზე, ასევე აშშ-სა და ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობაზე". - წერს რუბიო.
რუბიოს თქმით, კარტელს მადურო და მისი უკანონო რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ, რომლებმაც "სამხედროები, დაზვერვა და საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები მოისყიდეს".
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცა.
ხოლო 16 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) ვენესუელაში ფარულად ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა, მათ შორის, ნარკოკარტელების წინააღმდეგ შესაძლო დარტყმების მხრივაც.
მოგვიანებით, 25 ოქტომბერს, პენტაგონის მეთაურის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებით, კარიბის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავიამზიდი USS Gerald Ford გაიგზავნა. კარიბის ზღვის სიახლოვეს აშშ-მ თავი მოუყარა სხვა სამხედრო ხომალდებსაც.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ს სამხედრო ძალებმა როგორც ატლანტიკურ, ისე წყნარ ოკეანეში, რამდენიმე ხომალდი გაანადგურა, რომლებიც, ტრამპის ადმინისტრაციის მიხედვით, ნარკოტრეფიკინგში იყვნენ ჩართულნი.
"ეს იერიშები ყოველდღიურად გაგრძელდება. ისინი უბრალოდ ნარკოტიკების გადამტანები არ არიან, ისინი არიან ნარკოტერორისტები, რომლებსაც ჩვენს ქალაქებში სიკვდილი და განადგურება მოაქვთ." - განაცხადა ჰეგსეთმა მე-9 ხომალდის განადგურების შემდეგ.





