ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულისთვის 50 პირი დავაკავეთ, უმრავლესობა ნარკორეალიზატორია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 

"საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე.

ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდა. 

სამართალდამცავების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების  ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები