გიორგი გახარიას საქმე

მოწმეები არიან ვახტანგ გომელაური, კახა კახიშვილი და სხვები - სიჭინავა გახარიას საქმეზე

საქართველოს მთავრობა

გიორგი გახარიას ადვოკატმა, საქართველოსთვის წევრი ბერდია სიჭინავამ პროკურატურა დატოვა. ის ბრალის დადგენილებას გაეცნო. სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიასთვის მოსალოდნელი იყო, რომ "მსგავსი სისხლისსამართლებრივი დევნა ფორმალურადაც დაიწყებოდა". მისი თქმით, ექსპრემიერი არ აღიარებს "შეთითხნილ ბრალს".

"მთავარი მოწმეები ამ შეთითხნილ საქმეში არიან არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სინდისზე, ეროვნული ინტერესების დაცვაზე [უარი თქვეს], სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ ქმედების განხორციელებაზე კი თანხმობა განაცხადეს. ესენი არიან - ვინმე ნანა კაკაბაძე, ვინმე ვახტანგ შაქარაშვილი, ვახტანგ გომელაური... 

უშუალოდ ჩვენების შინაარსობრივ ნაწილზე  ვერ ვისაუბრებ, რადგან ვერ მოვასწარი წაკითხვა, თუმცა, მტკიცებულებებში, რომლებიც პროკურატურის შეფასებით, ადასტურებენ ბრალდების მხარის ვერსიას, ჩამოთვლილია პირთა ჩვენებები, რომელთა შორისაც არის კახი კახიშვილი, ვახტანგ გომელაური და სხვები, რომლებიც დადიოდნენ აქ და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს.

ეს საქმე იქნება პრეცედენტული, ეს იქნება საქმე, რომლისგანაც ვერ გამოძვრება ვერცერთი ოცნების წევრი, რომელიც ამ ღალატის კომისიაში იღებდა მონაწილეობას და ის პირები, რომლებმაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ასეთი ბინძური, შეთითხნილი საქმე წამოიწყეს" - ამბობს სიჭინავა TV პირველის კითხვაზე.

 

პროკურატურამ ჩორჩანას ეპიზოდზე სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური 14 ივნისს გამოკითხა. გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს აგების შესახებ სამუშაოების დაწყების შემდეგ გაიგო და მაშინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას შეატყობინა, რომ ის საგუშაგოს აგების წინააღმდეგი იყო. 

"რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მქონდა ბატონ გახარიასთან, [ჩორჩანას საგუშაგოს მშენებლობის] წინააღმდეგი არამარტო მე, არამედ მთელი [უსაფრთხოების] სამსახური იყო" - თქვა გომელაურმა. მანვე აღნიშნა, რომ საგუშაგოს აშენებას "ომის დაწყების შესაძლებლობის" გამო ეწინააღმდეგებოდა და ჩორჩანაში "სხვა პრევენციული ზომების მიღება იყო შესაძლებელი".

გომელაურმა მაშინ თქვა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს აშენების განზრახვა გამოძიებამ უნდა დაადგინოს და დანაშაულის დადგენის შემთხვევაში გიორგი გახარიამ პასუხი უნდა აგოს.

"მე თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო. მე რისი უფლებაც მქონდა, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ინფორმირება და ა.შ. მე ყველაფერი გავაკეთე" - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში  საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.

გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.

კომენტარები