მთავრობის ადმინისტრაციას შეეძლება უფლებამოსილი ორგანოსგან საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა - შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დარეგისტრირებულია.
კანონპროექტის ინიციატორი ივანიშვილის მთავრობაა.
ცვლილების მიხედვით, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის მე-13 მუხლს ემატება შემდეგი პუნქტი:
"მთავრობის ადმინისტრაციას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან გამოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია, შესაძლებელია, აგრეთვე გამოთხოვილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და ბაზებიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.“
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი საჭიროა "გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობისთვის", რაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ფუნქციებში შედის.
"დეპარტამენტის ფუნქციები კომპლექსური, მაღალანალიტიკური ხასიათისაა და მისი საქმიანობა, მათ შორის, მდგომარეობს არა მხოლოდ საკითხის იდენტიფიცირებაში, არამედ ეფექტიანი რეაგირების მიზნით გადაწყვეტილებათა შეფასებასა და აღნიშნულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებაში, რისთვისაც აუცილებელია დეპარტამენტს მიენიჭოს მონაცემთა გამოთხოვის უფლებამოსილება.
რისკების გამოვლენა და შეფასება შეუძლებელია მხოლოდ ზედაპირული ან საჯარო მონაცემებით. სამუშაო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა პერსონალური და სხვა ტიპის მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს ობიექტური და რეალური სურათის დასანახად.
ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება გაზრდის ანალიზის ხარისხს, რითაც დეპარტამენტს მიეცემა შესაძლებლობა გამოსცეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, ანგარიშები და წინადადებები. მაგალითისთვის, ქვეყანაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხარჯვითი ნაწილი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებათა ჯამმა შეადგინა 36,94 მილიარდი ლარი. მხოლოდ 2024 წლის მონაცემებით, განხორციელდა 8,14 მილიარდი ლარის საქონლის, მომსახურების და სამუშაოს სახელმწიფოშესყიდვა. ხსენებული უფლებამოსილება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დასახული მიზნების მიღწევას.
შესაბამისად, აუცილებლია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაციის ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა, იმ ფუნქციების განსახორციელებლად, რომელიც საჭიროა კონტროლის ხელშეწყობის განხორცილების პროცესში და რაც აუცილებელი იქნება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად." - წერია განმარტებით ბარათში.
ცვლილებები "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონსა და "საგადასახადო კოდექსში" შედის.
კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.





