თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელს და ქართული ოცნების შემომწირველს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სტეფანიანისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. დაცვის მხარე სტეფანიანის 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.
ცნობისთვის, გუშინ კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართული ოცნების შემომწირველი ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 8 ნოემბერს დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბიზნესმენმა შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი. უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა კი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.
უწყების განცხადებით, ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგენილია, 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.





