კრისტალ ჯგუფი

პროკურატურამ კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელს და "ოცნების" შემომწირველს ბრალი წარუდგინა

ვლადიმერ სტეფანიანი

პროკურატურამ კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელს და "ოცნების" შემომწირველს, ვლადიმერ სტეფანიანს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, სტეფანიანი უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა. ამ გზით, შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა დიდი ოდენობით - 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო.

სტეფანიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინა, რაც თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ,,კრისტალ ჯგუფი“-ს მფლობელის - ვლადიმერ სტეფანიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა.

ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.

აღნიშნული გზით, შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ დიდი ოდენობით - 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო.

მიღებული დიდი ოდენობით თანხებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა.

დაკავებულს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართული ოცნების შემომწირველი ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

მათი განცხადებით, ბიზნესმენმა შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი. უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა კი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.

კომენტარები