რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია РИА Новости-ს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე რუსეთს არანაირი განმარტება არ მიუღია.
"დიპლომატიური არხების მეშვეობით ჩევნ ჯერჯერობით არ მიგვიღია რაიმე სახის განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობდა პრეზიდენტი ტრამპი, როცა მან ბირთვული იარაღის გამოცდის განახლებაზე განაცხადა," თქვა ლავროვმა.
ლავროვი ირწმუნება, რომ ასევე გაურკვეველია ისიც, თუ კონკრეტულად რა ტიპის ბირთვული იარაღის გამოცდაზეა საუბარი.
"ვაშინგტონის წარმომადგენელთა კომენტარები მეტყველებს იმაზე, რომ არ არსებობს თანხმობა იმის შესახებ, თუ რა იგულისხმა აშშ-ს პრეზიდენტმა," დაამატა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 ოქტომბერს Truth Social-ზე დაწერა, რომ ომის დეპარტამენტი აშშ-ს ბირთვული იარაღის გამოცდას დაიწყებს და განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების ანალოგიური ქმედებების გამო მიიღო.
მანამდე, 26 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ წინა დღეებში ჩატარებული ბირთვული ძალების წვრთნების ფარგლებში წარმატებით გამოცადეს ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი, რომელიც, მოსკოვის თქმით, ნებისმიერ თავდაცვით ფარს გაარღვევს.
მოგვიანებით, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკის გამოცდამ აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
ტრამპი რუსეთის ქმედებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის სანაპიროსთან განლაგებულია აშშ-ს ბირთვული წყალქვეშა ნავი. ტრამპის თქმით, პუტინმა ბირთვული ძრავის მქონე რაკეტის გამოცდის ნაცვლად ომი უნდა დაასრულოს.





