რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვლადიმირ პუტინს თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა შესთავაზა სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდისთვის მომზადების დაუყოვნებლივ დაწყება. რაზეც პუტინმა რუსულ უწყებებს "დამატებითი ინფორმაციის შეკრება" მოსთხოვა.
ბელოუსოვის თქმით, აშშ-ს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ტოვებს შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის სფეროს შეთანხმებებს და "ახორციელებენ" სტრატეგიული საიერიშო შეიარაღების "დაჩქარებულ მოდერნიზაციას". რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ეს გეგმები, რომლებიც ბირთვულ გამოცდებსაც მოიცავს, "მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთისთვის სამხედრო საფრთხის დონეს". ბელოუსოვს სურს, რომ ბირთვული გამოცდისთვის მზადება არქიპელაგ ნოვაია ზემლიაზე (ახალი მიწა) დაიწყონ.
"აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ბირთვული პოტენციალი მზადყოფნაში, რათა ნებისმიერ პირობასა და ვითარებაში შევძლოთ მოწინააღმდეგისთვის მიუღებელი ზიანის მიყენება და ადეკვატურად ვუპასუხოთ ვაშინგტონის ნაბიჯებს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტირების ინტერესების გათვალისწინებით. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ვთვლი სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდისთვის მზადების დაუყოვნებლივ დაწყებას." - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის უწყებასა და სხვა ორგანოებს დაავალა "შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია" და ბირთვული ტესტირების სამზადისის შესაძლებლობაზე ერთობლივი წინადადება წამოაყენონ.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, სპეციალურ სამსახურებსა და შესაბამის სამოქალაქო უწყებებს ვავალებ გააკეთონ ყველაფერი, რათა შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩაატარონ მისი ანალიზი უშიშროების საბჭოს პლატფორმაზე და წარმოადგინონ შეთანხმებული წინადადებები ბირთვული იარაღის გამოცდის სამზადისზე მუშაობის შესაძლო დაწყებაზე. მოდი ამის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. ველოდები თქვენს ანგარიშს." - თქვა პუტინმა.
პოლიგონ ნოვაია ზემლიაზე ბოლო ბირთვული გამოცდა 1990 წლის 24 ოქტომბერს ჩატარდა. 1996 წელს სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ და რუსეთმა, ხელი მოაწერეს ბირთვული გამოცდების აკრძალვის შეთანხმებას. თუმცა ეს ხელშეკრულება არც აშშ-ში და არც რუსეთში რატიფიცირებული არაა. 2023 წელს ვლადიმირ პუტინი ირწმუნებოდა, რომ ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცდიდნენ, თუ ამას პირველი აშშ გააკეთებდა.
21 ოქტომბერს რუსეთში ვლადიმირ პუტინის მეთაურობით სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩატარდა, მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უნგრეთში შეხვედრის დაგეგმილი სამიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. წვრთნების დროს გამოიყენეს ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტი. რუსეთის გენშტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ წვრთნების მიზანი იყო "ბირთვული იარაღის გამოყენების ავტორიზაციის პროცესის" სიმულაცია.
ამის შემდეგ პუტინმა გაავრცელა ცნობა, რომ წვრთნების დროს გამოცადეს ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი. მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა დადგინდეს ბურევესტნიკის გამოყენების შესაძლო მეთოდები და რაკეტით არმიის შესაიარაღებლად უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა. ოქტომბრის ბოლოს პუტინმა ასევე თქვა, რომ კიდევ ერთი ბირთვულძრავიანი იარაღი, ამჯერად წყალქვეშა უპილოტო დანადგარი პოსეიდონი გამოცადეს.
რამდენიმე დღის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკა, სხვა ქვეყნების საპასუხოდ, "დაუყოვნებლივ" დაიწყებდა ბირთვული იარაღის პროპორციულ გამოცდას.





