აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ვენესუელაში იერიშებს არ განიხილავს.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, მართალია თუ არა ცნობები, რომ პრეზიდენტი ვენესუელაში იერიშების მიტანას განიხილავს.
"არა. [...] არა, ეს მართალი არ არის". - თქვა ტრამპმა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა იგულისხმა ტრამპმა, რომ თეთრმა სახლმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა Financial Times ანალიტიკოსებსა და საკითხზე ინფორმირებულ ვენესუელელ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს მხრიდან ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს სამხედრო მობილიზაციის მიზანია, ნიკოლას მადურო და მასთან დაახლოებული პირები დაარწმუნოს, რომ ძალაუფლებაში დარჩენა უფრო ძვირად დაუჯდებათ, ვიდრე - ხელისუფლებიდან წასვლა.
ცნობისთვის, 16 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ვენესუელაში ფარულად ოპერაციების ჩატარების უფლება მისცა, მათ შორის, ნარკოკარტელების წინააღმდეგ შესაძლო დარტყმების.
მოგვიანებით, 25 ოქტომბერს პენტაგონის მეთაურის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებით, კარიბის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავიამზიდი USS Gerald Ford გაიგზავნა.
ბოლო მონაცემებით, ავიამზიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა, ხორვატიის სანაპიროდან დაიძრა.
კარიბის ზღვაში აშშ-მ მსხვილ სამხედრო ძალას მოუყარა თავი. ავიამზიდის გარდა, პუერტო-რიკოს ტერიტორიაზე განთავსებულია F-35B-ს ტიპის 10 ავიაგამანადგურებელი, AV-8B Harrier ტიპის 6 ავიაგამანადგურებელი, 7 მოიერიშე დრონი MQ 9 Reaper და 13 ვერტმფრენი.
გარდა ამისა, ვენესუელის ჩრდილოეთით კრეისერისგან, ოთხი სარაკეტო ნაღმმზიდისა და სანაპირო ზონის საბრძოლო გემისგან შემდგარი ჯგუფი კურსირებს. თითოეულ სამხედრო ხომალდს 32 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გადატანა შეუძლია.
მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრაპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ს სამხედრო ძალებმა როგორც ატლანტიკურ, ისე წყნარ ოკეანეში 9 ხომალდი გაანადგურა, რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჰქონდა.
"ეს იერიშები ყოველდღიურად გაგრძელდება. ისინი უბრალოდ ნარკოტიკების გადამტანები არ არიან, ისინი არიან ნარკოტერორისტები, რომლებსაც ჩვენს ქალაქებში სიკვდილი და განადგურება მოაქვთ", – განაცხადა ჰეგსეთმა მე-9 ხომალდის განადგურების შემდეგ.





