ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პარტიების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა. ბოკუჩავა ამბობს, რომ ეს "ცირკი" გაერთიანებისთვის შესაძლებლობაა.
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებული, ივანიშვილის "კენგურუს სასამართლო" რომელ პარტიას გააუქმებს და რომელს არა. პარტია ადამიანების ერთობაა, რომლებიც ერთი მიზნის ირგვლივ იბრძვიან. ნაციონალური მოძრაობა უკეთესი, ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვის, სადაც მოქალაქეებს თვითრეალიზაციისა და კეთილდღეობის შანსი აქვთ. ამ იდეისთვის ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. მათ შორის, იმ პარტიებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება.
პირიქით, შეიძლება, ეს ახალი შესაძლებლობის შანსი გახდეს იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას რეალურად ებრძვიან და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით ივანიშვილი დავამარცხოთ [...] სინამდვილეში, ეს ცირკი გაერთიანებისთვის დიდი შესაძლებლობაა. ან ახლა, ან არასდროს [...]
ასე რომ, შეგვიძლია, ეს შესაძლებლობად ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები იქნებიან. ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აიკრძალებიან და თავისუფალ, ევროპულ სივრცეში შესვლას ვეღარასდროს შეძლებენ. მათ არც სხვა ტიპის სანქციები ასცდებათ". - თქვა ბოკუჩავამ.
ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ეს პარტიებია ენმ, ახალი და ლელო.





